მთავარისაქართველოსაქართველოში საგანგებო სიტუაციებზე ორიერტირებული მრავალეროვნული საველე სწავლება ჩატარდა

საქართველოში საგანგებო სიტუაციებზე ორიერტირებული მრავალეროვნული საველე სწავლება ჩატარდა

ერთმანეთის გვერდიგვერდ კოორდინირებულად მუშაობდნენ ჯგუფები საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ასევე უკრაინის, იტალიის, შვედეთისა და ზოგადად ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების გუნდები

თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებას უმასპინძლა.

წვრთნები “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების” პროგრამის, PPRD East 3-ის ფარგლებში ჩატარდა. საველე წვრთნების მიზანია კიდევ ერთხელ განიხილონ ის პროცედურები, რომელიც მასშტაბური საგანგებო სიტუაციების დროს მასპინძელი ქვეყნის მხრიდან ტარდება, ასევე შემოწმდეს ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მოქმედებები.

ცეცხლი საცხოვრებელი სახლში, ავტოსაგზაო შემთხვევა, ტყის ხანძარი, აალებული ქიმიური ნივთიერება და ცეცხლმოკიდებული ელექტროგადამცემი სადგური – დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის მორეაგირე ჯგუფებს საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ბუნებრივ და ადამიანის მიერ გამოწვეულ კატასტროფებთან მოუწიათ გამკლავება.

ხანძრის ჩაქრობისა და დაზარალებულთა გადარჩენის პროცესში მეხანძრე-მაშველებს ტექნიკური მოწყობილობებითაც ეხმარებოდნენ. მაგალითად დრონებს პირველადი დახმარების ჩანთები მიჰქონდათ დაზარალებულებთან.

საჩვენებელი სწავლება რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. ერთმანეთის გვერდიგვერდ კოორდინირებულად მუშაობდნენ ჯგუფები საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ასევე უკრაინის, იტალიის, შვედეთისა და ზოგადად ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების გუნდები.

ევროკავშირის პროგრამის, სახელწოდებით “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირების მთავარ მიზანს, პარტნიორი ქვეყნების დახმარება წარმოადგენს. ევროპის კავშირის წარმომადგენლებმა დღეს პარტნიორობისა და ერთმანეთის დახმარების მნიშვნელობაზე ბევრი ისაუბრეს.

„ევროკავშირი აფინანსებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მომზადებას, რათა მათ შეძლონ გაუმკლავდნენ და თავიდან აიცილონ სტიქიური თუ ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურებები. ამ პროგრამას “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება“ – ჰქვია. დღეს ჩვენ ვიხილეთ სრულმასშტაბიანი სწავლება. ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ თანამშრომლობა და დღეს ჩვენ ამის შესანიშნავი მაგალითი ვიხილეთ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთად არა მხოლოდ უფრო ძლიერები, არამედ უფრო დაცულებიც ვართ”, – განაცხადა ჰანა იანსმა, ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების დირექტორატის კატასტროფებზე მზადყოფნისა და პრევენციის დეპარტამენტის დირექტორმა.

„კატასტროფის დროს დახმარება და კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას ჰყავს საგანგებო სიტუაციების ჯგუფები, რომლებიც მომზადებულნი არიან კატასტროფებზე რეაგირებისთვის, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ქვეყნებს ერთმანეთის დახმარება სჭირდებათ. მაგალითად თებერვალში თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, ან ტყის ხანძრები საქართველოში – ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ რამდენად საჭიროა ქვეყნებმა ითანამშრომლონ და ერთად ებრძოლონ ბუნებრივ თუ ადამიანის მიერ გამოწვეულ კატასტროფებს. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სპეციალური სწავლება ჩაატარა, რათა საერთაშორისო გუნდებს გაუადვილდეთ ერთმანეთის გვერდიგვერდ მუშაობა და იყვნენ კოორდინირებულნი საგანგებო სიტუაციების დროს”, – ამბობს პიტერ გლერუმი – PPRD-ის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელი.

საველე წვრთნებს ევროკავშირის პროგრამის PPRD East 3-ის ექსპერტები, პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სწორედ ისინი შეაფასებენ რამდენად წარმატებით დასრულდა 400-ზე მეტი საგანგებო სიტუაციებზე მორეაგირე ჯგუფების ერთკვირიანი გადამზადების პროცესი.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend