საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ერთობლივ შეხვედრასთან დაკავშირებით.
ელჩის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე, მისასალმებელია ასეთი მაღალი დონის შეხვედრები.
ევროკავშირის ელჩი ასევე კვლავ ახსენებს პოლიტიკურ აქტორებსა და მოსახლეობას, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე დარჩენილი დრო, სრულად უნდა იქნას სწორი მიმართულებით გამოყენებული, რათა ევროსტრუქტურებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ გაუძნელდეთ. ამ გზაზე კი ევროკავშირის სრულ მხარდაჭერასაც გვახსენებს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართველ მაღალჩინოსნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებს შორის ინტენსიური დიალოგია. განსაკუთრებით უახლოეს თვეებში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ყველა არხები იყოს ღია. სწორედ ამიტომ, მე მივესალმები, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის გაიმართება შეხვედრა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ექნებათ ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი საუბარი.
ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიშს გამოსცემს ოქტომბერში, 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებამდე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრების და პრეზიდენტების დონეზე. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელშია და საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის 27 წევრ ქვეყანას“, – განაცხადა ელჩმა.
ალეკო გვეტაძე