გაეროს ლტოლვილთა სააგენტო მთავრობებს კოორდინირებული ქმედებებისკენ მოუწოდებს, რადგან იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი რეკორდულ ნიშნულს აღწევს. 2022 წელს ომის, დევნის, ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შედეგად ლტოლვილთა რიცხვი 21 პროცენტით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველი 74 ადამიანიდან ერთი იძულებით გადაადგილებულია.
როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლომდე 108 მილიონ 400 ათასი ადამიანი ლტოლვილი გახდება. 62 მილიონ 200 ათასი საკუთარ ქვეყანაში იქცა დევნილად. 5 მილიონ 400 ათასი თავშესაფრის მაძიებელია, ხოლო 5 მილიონ 2 ათასი ადამიანი საერთაშორისო დაცვას საჭიროებს.
პრობლემა უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო გაამწვავა. უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა 2021 წელს 27 300 იყო, 2022 წელს კი მათი რაოდენობა 5 მილიონ 700 ათასამდე გაიზარდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მზარდი მაჩვენებელია.
ანგარიშის მიხედვით, უსაფრთხოების მაძიებელთა ნახევარი 3 ქვეყნიდან არის. სირიიდან 6.5 მილიონი ლტოლვილია, უკრაინიდან – 5,7 მილიონი, ავღანეთიდან კი 5.7 მილიონი.
ვარაუდობენ, რომ არც 2023 წელს შემცირდება ლტოლვილთა მზარდი ტენდენცია, რადგან სუდანში დაწყებულმა კონფლიქტმა ლტოლვილთა ახალი ნაკადი წარმოქმნა. ყველაზე მეტად კი ზარალდებიან ის საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნები, რომლებიც ამ სასოწარკვეთილ ადამიანებს იღებენ. მხოლოდ თურქეთსა და ირანს 7 მილიონამდე ლტოლვილი ჰყავთ შეფარებული.
ბოლო ანგარიშში მთავრობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, ეძებონ გამოსავალი, რომ ლტოლვილთა მზარდ პრობლემებს გაუმკლავდნენ. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ეს ადამიანები სამუდამოდ არ დარჩნენ დევნილებად.