მთავარიმსოფლიოევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირისა და „მერკოსურის“ ქვეყნებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირისა და „მერკოსურის“ ქვეყნებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის სუბრეგიონულ ბლოკს, „მერკოსურს“, მოუწოდებს, შეთანხმებას წლის ბოლომდე მიაღწიონ. ევროკომისიის პრეზიდენტი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტით ამერიკული ტურნეს ფარგლებში ჩავიდა. ის არგენტინაში ქვეყნის პრეზიდენტს ალბერტო ფერნანდესს შეხვდა. ევროპასა და „მერკოსურს“ შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ჩემი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად ვიმუშაოთ, რომ მალე გაფორმდეს ევროკავშირი-მერკოსურის შეთანხმება. ჩვენ ერთად უნდა დავისახოთ ამბიციური მიზნები, რომ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდეს და პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სავაჭრო შეთანხმება ორ – ევროპულ და სამხრეთამერიკულ – ბაზარს დააკავშირებს, რაც დაახლოებით 800 მილიონ ადამიანს გააერთიანებს. ეს კი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

შეთანხმება საბაჟო გადასახადებს შეამცირებს და სამხრეთ ამერიკის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ევროპულ ბაზარზე გატანას გააადვილებს. ასევე ევროპელ მწარმოებლებს უფრო მეტად ექნებათ  წვდომა „მერკოსურის“ ქვეყნების ბაზარზე.

არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა განაცხადა, რომ სავაჭრო შეთანხმება მათთვის მომგებიანი და სასურველია. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებაში თითოეული რეგიონის ეკონომიკის სპეციფიკა უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ თავიდან აიცილონ ქვეყნებს შორის შესაძლო გაუგებრობა.

„ძალიან მოხარული ვიქნები, თუ წლის ბოლომდე, ჩვენ ხელს მოვაწერთ ამ პოლიტიკურ შეთანხმებას და შევთანხმდებით ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც კითხვები არსებობს. ეს საკითხებია, მაგალითად, ის ეკონომიკური სპეციფიკა, რომლებიც რეგიონებს შორის არსებობს. ასევეა ახალი გარემოსდაცვითი რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა და რატომღაც თავდაპირველ შეთანხმებას დაამატა. თუმცა, ამ კითხვების მიუხედავად, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვეთანხმები ან არ ვიზიარებ პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის პოზიციას“, – განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და „მერკოსურის“ ქვეყნებმა სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2019 წელს დაასრულეს. თუმცა ეს შეთანხმება ამ დრომდე არცერთი ქვეყნის მიერ არაა რატიფიცირებული. 2023 წლის მარტში ევროკავშირმა „მერკოსურს“ წერილობით მიმართა.

ევროპამ სცადა, დაეწესებინა მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისთვის. წერილში ნათქვამია, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი მიზნები სავალდებულო უნდა გახდეს „მერკოსურის“ ქვეყნებისთვისაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend