მთავარისაქართველოექვთიმეს ოთახი

ექვთიმეს ოთახი

ექვთიმე თაყაიშვილის მემორიალური ოთახი

,,აქ, სწორედ ამ სახლში გააგრძელა ექვთიმე თაყაიშვილმა ცხოვრება და თავისი უკანასკნელი წლები სწორედ აქ გაატარა.“

როგორც ექვთიმე თაყაიშვილის მემორიალური ოთახის დამფუძნებელი ნინო მამარდაშვილი ამბობს, ექვთიმე თაყაიშვილმა 1945 წელს ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ სიცოცხლის ბოლო წლები სწორედ აქ, ვაშლოვანის 6 ნომერში მდებარე, ამ შენობაში გაატარა.

„ექვთიმეს ოთახი როგორც გითხარით, იყო ძალიან პატარა, ამ ოთახზე ბევრად პატარა იყო, მდებარეობდა სახლის ამ ფლიგელში. ეს იყო კომუნალური ბინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალი ოჯახი ცხოვრობდა აქ“, – ამბობს ნინო მამარდაშვილი.

მემორიალური ოთახის შექმნა ნინო მამარდაშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისმა ოჯახმა ეს სახლი შეიძინა და ექვთიმე თაყაიშვილის  აქ ცხოვრების ამბავი გაიგო.

„ეს მემორიალური ოთახი-სამლოცველო გაიხსნა 2003 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ეროვნულმა მუზეუმმა, გადმოგვცა აქ წარმოდგენილი, შუხაევის მიერ შესრულებული ექვთიმე თაყაიშვილის არაჩვეულებრივი პორტრეტი, ასევე მაგიდა, რომელიც მემორიალური ნივთია. მისმა ნათესავებმა, ნინა პალტარაცკაიას დის შვილიშვილებმა გადმოგვცეს ეს ფიგურა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ აჩუქა ექვთიმე თაყაიშვილს, ილიას და ექვთიმეს კი, ცნობილია, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ“, – ნინო მამარდაშვილი.

მემორიალურ ოთახში ინახება ასევე,  ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პალტარაცკაიას პირადი ნივთებიც. „ჩვენთან მუზეუმში არის ნინო პალტარაცკაიას მიერ ნაწარმოები დღიური, რომელშიც ყოველდღიურ ხარჯთაღრიცხვას აწარმოებდა. სხვათა შორის ამით ბევრი რამის გარკვევა შეიძლება, რით იკვებებოდნენ, როგორი იყო მათი ცხოვრება, სამწუხაროდ, საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ ისინი და იკვებებოდნენ ძალიან მწირი საკვებით.

ასევე ჩვენთან ინახება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ჩამოტანილი ჩარჩო და ნინო პალტარაცკაიას ფოტოსურათი, რომელიც ფოთლის ფორმის ჩარჩოშია წარმოდგენილი. ეს ფოტო, თავისი ჩარჩოთი ექვთიმემ ემიგრაციიდან წამოიღო და თავის საწოლთან ეკიდა“, – ნინო მამარდაშვილი.

ოთახში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს გია ბუღაძის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობა, რომელიც ლაბირინთებით, როგორც მუზეუმის დამფუძნებელი ამბობს, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას გამოსახავს.

„აქ არის გამოსახული ექვთიმე თაყაიშვილი თავის მარჩენალ თხასთან. ცნობილი ფაქტია, რომ ლევილში სწორედ ამ თხამ გადაარჩინა ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილს. ეს ცნობილი ფოტო, როგორც ჩანს, არის ინსპირაცია ბატონი გიასთვის, რომ ასე გაემეორებინა ეს ამ თავის შესანიშნავ ნამუშევარში“, – ნინო მამარდაშვილი.

როგორც ნინო მამარდაშვილი ამბობს, ექვთიმე თაყაიშვილი უკანასკნელ გზაზე სწორედ ამ სახლიდან გააცილეს.

„ამბობდნენ, რომ ეს იყო გულის უკმარისობით და ძალიან ცოტა ადამიანი მოვიდა მის დაკრძალვაზე. როგორც ამბობენ, სულ 42 კაცი ესწრებოდა, მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორია არსებობს ამასთან დაკავშირებით. მისმა მეგობარმა, იოსებ მეგრელიძემ გადაუხადა თანხა მძღოლს და სთხოვა, რომ სულ ერთი წუთით შეეჩერებინა მანქანა უნივერსიტეტის შენობასთან, იმ მიზეზით, რომ თითქოს მანქანა გაფუჭდა. მძღოლმა მართლაც შეაჩარა მანქანა, თუმცა არა ერთი წუთით, არამედ ხანგრძლივი პერიოდით. უნივერსიტეტი სავსე იყო ხალხით. იქიდანაც ტაშით გააცილეს ექვთიმე თაყაიშვილი. ასევე საოცარი რამ მოხდა სასაფლაოზე, სავსე იყო სასაფლაო ხალხით. თითქოს ეს ადამიანები მიდიოდნენ თავიანთი მიცვალებულების საფლავზე, თუმცა სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მათი სურვილი იყო, რომ ექვთიმე გაეცილებინათ უკანასკნელ გზაზე. აკაკი შანიძე გამოვიდა სიტყვით და ასეთი სიტყვებით გაისტუმრა იგი – ,,ექვთიმე, შენ არც ტაში და არც დიდება არ გჭირდება, შენი დიდება, შენი სახელი შენმა განვლილმა ცხოვრებამ და შენმა წიგნებმა დაუტოვა ქართველ ხალხსო“, – ნინო მამარდაშვილი.

ნინო მამარდაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მემორიალური ოთახი მუდმივად ღია არ არის, იქ სტუმრობა წინასწარი შეთანხმებით, ნებისმიერ მნახველს შეუძლია. მისი თქმით, დღეს ამ მემორიალურ მუზეუმს ხშირად სტუმრობენ ახალგაზრდები. „მოჰყავთ ხოლმე სკოლის მოსწავლეები, არა მხოლოდ თბილისიდან, რეგიონებიდანაც. მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვარ, ვესაუბრო მათ და გავაცნო ექვთიმეს ისტორია, გარემო, წარსული“, – ნინო მამარდაშვილი.

ბრიტანულ-ქართული სკოლის მასწავლებელს, რუსუდან დოლიძეს სურდა, რომ მის მოსწავლეებს ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ მეტი სცოდნოდათ. ამიტომ გადაწყვიტა საგანგებო პროექტი მოემზადებინათ, რომლის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი მუზეუმში სტუმრობა, შედეგი კი ექვთიმე თაყაიშვილის  შესახებ სპექტაკლის დადგმა იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, სიშორის გამო გურიაში, სოფელ ლიხაურში ვერ მოვახერხებდით წასვლას. ამიტომ გავიკითხეთ და ვაშლოვანის ქუჩაზე ყოფილა პატარა ექვთიმე მუზეუმი, სადაც ცხოვრობდა ექვთიმეს ჩამოსვლის შემდეგ. დავგეგმე ვიზიტი და ბავშვები წავიყვანე, სადაც დაგვხვდა ქალბატონი ნინო, რომელმაც მოგვიყვა ნაკლებად ცნობილი ფაქტები ექვთიმეს ცხოვრებიდან, რაც ძალიან საინტერესო იყო“, – ნინო მამარდაშვილი.

მე-5 კლასის მოსწავლეები, ვახტანგ რაზმაძე და თეკლა ჩიბურდანიძე, ექვთიმე თაყაიშვილის მემორიალურ ოთახში სტუმრობის  შემდეგ, თავინთ შთაბეჭდილებებს ასე გამოხატავენ:

„ექვთიმე მუზეუმში მისვლისთანავეც მეგონა, რომ დიდი არაფერი არ იქნებოდა, რაღაც ნახატი ეკიდებოდა, სკამი იდებოდა, მაგრამ ვნახეთ ისეთი რაღაცები, რაც იყო ილია ჭავჭავაძის მიერ ნაჩუქარი პორტრეტი, რომელიც მის სიცოცხლეშივე იყო გაკეთებული. ამის გამო მე გავოცდი და იქიდან წამოსული უკვე მეტად და მეტად შევეცადე პროექტზე მემუშავა. მივხვდი, რომ ასეთი ძველი რაღაცები გადაარჩინა მან, როგორიცაა ძვ.წ. 25-ე საუკუნის და უფრო ძველი ნივთები“, – გვიყვება ვახტანგ რაზმაძე.

,,მუზეუმს როცა ვესტუმრე, კარგად არ გვქონდა ამ პროექტზე მუშაობა დაწყებული და ვერ აღვიქვი. რაც დამამახსოვრდა არის ილიას ნაჩუქარი საკალმე, მისი ცოლის პორტრეტი მაგრამ მერე უკვე, ეს რომ მოვრჩით, მივხვდი, რომ ასეთი ძველი რაღაცები გადაარჩინა მან, როგორიცაა ძვ.წ. 25-ე საუკუნის და უფრო ძველი ნივთები“, – თეკლა ჩიბურდანიძე.

ექვთიმე თაყაიშვილის ნივთების, ისევე როგორც მისი წარმოუდგენელი სულიერი მემკვიდრეობის პატარა ნაწილი, თბილისის ერთ ძველ სახლში  მდებარე იმ პატარა ოთახში ინახება, სადაც მან თავისი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

დეა ბაძაღუა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend