მთავარისაქართველოთბილისის ლიტერატურული ფესტივალი 16 ქვეყნის 22 ავტორს მასპინძლობს

თბილისის ლიტერატურული ფესტივალი 16 ქვეყნის 22 ავტორს მასპინძლობს

„ერთი მომავალი“ – ამ ფიქრმა გააერთიანა წელს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე 16 ქვეყნის 22 ავტორი. და მაინც როგორია საერთო მომავალი? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახადა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, არაპროვოცირებულმა ომმა, ომმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, ფესტივალის მონაწილეებმა თავიანთ იდენტობაზე ისაუბრეს.

„ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს სახლში ვიყავი, იმიტომ რომ ჩემთან სახლშიც, ჩემს ქვეყანაში ძალიან ხშირად საუბრობენ სწორედ იდენტობის თემაზე. იმიტომ, რომ რუსულ-უკრაინული ომი არ არის მხოლოდ ტერიტორიის, რესურსების თუ რეგიონების გამო ომი, ეს არის იდენტობის და იმ უფლების გამო ომი, რომ იყო ისეთი როგორიც შენ ხარ და როგორც შენ მიიჩნევ საჭიროდ“, – ამბობს უკრაინელი პოეტი, ია კივა.

თბილისის მე-8 საერთაშორისო ფესტივალის თითოეული დღე საინტერესო შეხვედრებს და დისკუსიებს სთავაზობს ლიტერატურის მოყვარულებს. ფესტივალის მესამე დღე თითქმის სრულად დაეთმო უცხოელი ავტორების,  ნევა ლუკიჩის, კარენ ანტაშიანის და ია კივას პოეზიას. ხორვატმა, სომეხმა და უკრაინელმა მწერლებმა, ქართველ ავტორებთან ერთად სტუმრებს თავიანთი პოეზია გააცნეს.

„წლევანდელი ლიტერატურის ფესტივალი განსაკუთრებულია. ძალიან ბევრი რამ შევიტყვე სხვადასხვა ქვეყნებისა და ენების შესახებ. მათ შორის იმ ენების შესახებაც, რომლებზეც ცოტა ადამიანი თუ საუბრობს. უამრავი საინტერესო მწერალი აღმოვაჩინე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საქართველო, ირლანდია, ლატვია. მე თვითონ ხორვატიიდან ვარ, ამიტომ მესმის თუ რამდენად ღირებულია ეს ყველაფერი. წლევანდელი სლოგანი – „მომავალი ერთია“ – ძალიან შესაფერისია“, – ამბობს ნევა ლუკიჩი – ხორვატი მწერალი.

როგორი იქნება მომავალი, არავინ იცის, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორებს სჯერათ, რომ მიუხედავად წარმომავლობისა, იდენტობისა და კულტურული კუთვნილებისა, ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია უკეთესი მომავლის შექმნა ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend