მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი ბავშვების ცხოვრება ომში

უკრაინელი ბავშვების ცხოვრება ომში

დღეს, პირველ ივნისს,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და რუსულმა ბომბმა კიევში კიდევ ერთი, ამჯერად 9 წლის  ბავშვი იმსხვერპლა.  საჰაერო იერიშის გამო დაზიანდა საბავშვო ბაღი, სამი სკოლა, სახლები… უკრაინელი ბავშვები უკვე მეორე პირველი ივნისია ამ სასტიკ რეალობაში ცხოვრობენ, ეგუებიან,  ომში  იზრდებიან.

სკოლის მასწავლებელი, ვიქტორია დედიმოვა ამბობს, რომ დღეს, დაბომბვის შემდეგ შვილმა ისეთი რამ უთხრა- ახლაც ვერ გამოდის შოკიდან:

„ჩემმა შვილმა მითხრა: იქნებ ეს რუსეთის მიერ რაღაც საჩუქრის მსგავსია ბავშვთა დაცვის დღესო…. მან მთხოვა საჩუქარი ვუყიდო და მე აუცილებლად ვუყიდი მას საჩუქარი- იქნებ ყურადღება მაინც გადავატანინო… ისე ცუდად ვგრძნობ თავს ჩვენი ბავშვების გამო. ეს ისეთი მძიმეა…”

ომს უკრაინაში უკვე 484 ბავშვი შეეწირა და ეს  არ არის საბოლოო მონაცემები. 992 ბავშვი ომის გამო დაშავდა, ზოგი რუსებმა გაიტაცეს… 19 500  ბავშვი ძალდატანებით გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის გამო,   ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერიც კი გამოსცა, მაგრამ უკან, საკუთარ მიწაზე ძალიან ცოტა მათგანი დაბრუნდა.  უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის მიზანია  ახალ თაობაში უკრაინელობა წაშალოს. ეს არის ბრძოლა იდენტობის წინააღმდეგ, სადაც მთავარი მსხვერპლი სწორედ ბავშვები არიან.  უკვე მეორე პირველი ივნისია მათ ბომბდამშენების ხმა ესმით და ახლა ძალიან რთულია მათი უფლებების დაცვა.

დღეს პირველ ივნისს,  უკრაინის პრეზიდენტს მოლდოვაში უწევს ყოფნა, თუმცა გამგზავრებამდე მან ბავშვთა დაცვის ცენტრი დაათვალიერა,  რომელიც კიევში გახსნეს. სწორედ ამ ცენტრმა უნდა აღრიცხოს ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. დაზარალებულ ბავშვებს იქ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას შესთავაზებენ. სწორედ  ამ ცენტრის გახსნაზე ილაპარაკა უკრაინის პრეზიდენტმა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რუსეთში იძულებით გადასახლებული ყველა ბავშვი დაბრუნდეს სახლში.

„პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, 371 ბავშვი დავაბრუნეთ სახლში… ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მათგანი დაბრუნდეს“ – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკვე 463-ე  დღეა  უკრაინელი ბავშვები ომში ცხოვრობენ…  ომში იზრდებიან და ომში იბადებიან… ზოგი სახლში ვერ ბრუნდება, ზოგი დაობლდა და ბევრიც ვერ  დაიბადა, რადგან რუსულმა ბომბებმა ისინი დაბადებამდე იმსხვერპლეს, დედის მუცელში… მილიონობით ბავშვი  მშობლებმა ქვეყნიდან გაიყვანეს, მათ სხვა ქვეყნებში მასპინძლობენ, მათ შორის საქართველოშიც. სკოლებში უკრაინული კლასებიც გაიხსნა. მაგრამ მაინც ძალიან რთულია დღეს, 2023 წლის პირველ ივნისს  – უკრაინელი ბავშვების უფლებების დაცვა.

 

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend