„ვეუბნებოდი,რომ გოგოებსაც ისევე შეეძლოთ ფეხბურთის თამაში, როგორც ბიჭებს და მინდოდა,რომ ეს დამემტკიცებინა“ – გვიყვება ელენე ჩიქოვანი.
ელენე – 16 წლის ფეხბურთელია. 6 წლის იყო როცა ეზოში დაინახა ბიჭები ფეხბურთს როგორ თამაშობდნენ. თვითონაც, უნდოდა, მაგრამ არ ათამაშეს, იმიტომ რომ გოგო იყო.
„უბანში ბიჭები გოგოებს არასდროს არ ათამაშებდნენ,რომ რამე არ მოხვედროდათ და არ ტკენოდათ, მაგრამ რო ნახეს რო შემეძლო კარგად თამაში, სულ მიმატებდნენ, თავიდან კარში მაყენებდნენ, მაგრამ ნელ-ნელა უკვე გარეთაც მათამაშებდნენ და ახლა სულ მე მიმატებენ”, – ამბობს ელენე.
როდესაც მშობლებს გაუმხილა, რომ ფეხბურთელობა სურდა, უარი მიიღო. გული დაწყდა, თუმცა სჯეროდა, რომ ერთ დღეს მისი ოცნება ასრულდებოდა. ელენეს დედა ამბობს, რომ თავდაპირველად ყველანაირად ცდილობდა, შვილისთვის ფეხბურთი სხვა აქტივობით ჩაენაცვლებინა, მაგრამ უშედეგოდ..
„ერთ ამბავს გავიხსენებ, ტიროდა ელენე ფეხბურთის ფორმა მიყიდეთ და ეზოში მაინც ვითამაშებო, თუ გუნდში არ მიმიყვანთო, სურვილი იმდენად ჰქონდა და გადავდგით ეს ნაბიჯი, მივიყვანეთ და მას შემდეგ ძალიან აქტიურად თამაშობს ელენე და ჩვენც ჩართულები ვართ ოჯახის წევრები ელენეს განვითარებაში,ჩემი ხედვაც ქალთა ფეხბურთის მიმართ ძალიან შეიცვალა, სხვა კუთხით დავინახე, ძალიან მომწონს და მიხარია,რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ“, – გვიზიარებს ელენეს დედა, გვანცა მახარაძე.
ქალთა ფეხბურთი საქართველოში ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამას ქალთა საფეხბურთო კლუბ „სამეგრელოს“ მწვრთნელი გივი კვარაცხელიაც ადასტურებს.
„ჩვენი გუნდი დაარსდა 2018 წელს, ამ წლების განმავლობაში ზოგადად უკვე სამჯერ გავხდით ჩემპიონები, გვყავს ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ U 17, U 19 ეროვნულ ნაკრებებში და ეს გუნდი ამ წლების განმავლობაში ამტკიცებს,რომ ლიდერი გუნდია და ქალთა ფეხბურთის დონეს აკონტროლებს და აბალანსებს, წელს სექტემბერში გვიწევს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ვეცდებით,რომ საქართველოს სახელი გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა“, – ამბობს ელენეს მწვრთნელი გივი კვარაცხელია.
ელენეს ოცნებაც ესაა… მომავალში წარმატებული ფეხბურთელი გახდეს და საქართველო ასახელოს.
ელენე ქორქია