მთავარიგადაცემებითვითმხილველიიტალიის არასამთავრობო სექტორი ევროპას ხმელთაშუა ზღვაში გარდაცვლილი მიგრანტების გამო საყვედურობს

იტალიის არასამთავრობო სექტორი ევროპას ხმელთაშუა ზღვაში გარდაცვლილი მიგრანტების გამო საყვედურობს

35 ათასი მიგრანტი ჩამოვიდა იტალიაში წლის პირველ სამ თვეში. მათი უმეტესობა ხმელთაშუა ზღვის მთავარ მარშრუტს გამოჰყვა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2017 წლის შემდეგ.

2023 წლის პირველ ოთხ თვეში იტალიაში ზღვით შემოსული მიგრანტების რაოდენობა 300 პროცენტით გაიზარდა. მათი უმეტესობა კუნძულ ლამპედუზეზე ჩამოდის. ეს პაწაწინა კუნძული, რომლის ფართობიც ოცი კვადრატული კილომეტრი თუ იქნება, აფრიკასთან იტალიაზე ახლოს მდებარეობს. ტუნისიდან 130, ხოლო ლიბიიდან 300 კილომეტრით არის დაშორებული. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სწორედ ეს კუნძული იყო მიგრანტებისთვის ევროპაში შესასვლელი ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე. ასეა დღესაც.

მცირეწლოვანი მიგრანტების პრობლემა

იტალიის უკიდურესი მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი მინიკა მელონი ხელისუფლებაში 2022 წლის ოქტომბერში  იმ პირობით მოვიდა, რომ მკაცრად შეზღუდავს უკანონო მიგრაციასა და მიგრანტების ნაკადის საკითხის მოსგვარებლად  ევროკავშირისგან მეტ ჩართულობას მოითხოვს.  მიგრაციის გაძლიერებულ ნაკადს რომ გაუმკლავებოდა, მელონის ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ინიციატივის მიზანია მიგრანტების როგორც მიღების, ისე უკან გაბრუნების პროცედურების დაჩქარება.

შედეგად, დროებით თავშესაფრებზე წნეხი უნდა შემცირდეს. თუმცა ლამპედუზის დროებითი განთავსების ცენტრი, როგორც წესი, შესაძლებლობის ზღვარზე დგას.

ეს ცენტრი 400 ადამიანს იტევს. თუმცა საბოლოოდ აქ სამი ათასი მიგრანტი აფარებს თავს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რამდენჯერმე დაგმო იტალია იმის გამო, რომ მიგრანტებს მიმღებ პუნქტებში   „არაადამიანურ და ღირსების შემლახველ“ პირობებში ამყოფებს. კიდევ ერთი მტკივნეული საკითხია ის, რომ სულ უფრო იზრდება უფროსის გარეშე შემოსული  არასრულწლოვანთა რიცხვი.

“ბანაკში შემოსულების ასაკი სულ უფრო იკლებს. არიან მოზარდები, თუმცა თითქმის იმდენივეა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი და ბავშვი,“ – ამბობს ლიზა ბიელოგრლიკი, SAVE THE CHILDREN -ის საზღვარზე ინტერვენციის ეროვნული კოორდინატორი

მიგრანტები დროებით ბანაკში რამდენიმე დღე უნდა დარჩნენ, სანამ გაირკვევა მათი ვინაობა და სანამ ლტოლვილთა ან თავშესაფრის მსურველთა ცენტრებს გადასცემენ, უფროსებს კი გასაბრუნებელ ცენტრებში აგზავნიან. ხშირად ეს პროცესი ბევრად ხანგრძლივია.

ლამპედუზის ლტოლვილთა ბანაკში გულისგამგმირავი ვითარებაა. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ იტალიის მთელი მიმღები სისტემა ვერ პასუხობს მოთხოვნებს. მცირეწლოვნები ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ არიან.

„2018 წლის შემდეგ ვითარება გაუარესდა და ხელმისაწვდომი ფართი შემცირდა. ბავშვთა მიმღები სისტემას რესურსები ამოეწურა. სამწუხაროდ, ეს სისტემა ამჟამად არ არის სრულად გარანტირებული, ის ვეღარ პასუხობს მოთხოვნას,“ – განმარტავს ლიზა.

2018 იყო ანტიემიგრაციული წნეხის წელი. ეს წნეხი იმდროინდელი უკიდურესი მემარჯვენე შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინისგან მომდინარეობდა.  ამ ხაზს ნაწილობრივ ატარებს ამჟამინდელი მელონის ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიცია. ლამპედუზის ყოფილი მერი აკრიტიკებს ამჟამინდელ მთავრობას. იგი ინკლუზიური პოლიტიკის მომხრეა.

ჯიუსი ნიკოლინი, ლამპედუზის ყოფილი მერი:

“მაშველ არასამთავრობოებთან ბრძოლა, ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაციების შეჩერება სულ უფრო გამოიკვეთა ამ ცენტრისტული მემარჯვენე მთავრობის პირობებში. აშკარაა, რომ ურჩევნიათ, მიგრანტები დაიღუპონ, ვიდრე შემოსვლის ნება მისცენ.“

თებერვალში კალაბრიის სანაპირო ზოლში თურქეთიდან მომავალი გასაჭირში ჩავარდნილი  ნავის შესახებ ცნობა მოვიდა, მაგრამ არ გადაარჩინეს. ნავი კურორტ სტეკატო დი კუტროს მახლობლად დაიმსხვრა. ზღვამ 90-ზე მეტი ცხედარი გამორიყა.

ამ ამბის შემდეგ მთავრობამ დააჩქარა ე.წ. „კუტროს დეკრეტის“ გამოცემა, რომელიც ტრეფიკინგის აღკვეთას ისახავს მიზნად, თუმცა კიდევ უფრო ამკაცრებს მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების წესებს.

“კუტროს დეკრეტს“ უნდა გაერკვია, თუ რატომ ვერ იმუშავა და ვერ მუშაობს სამაშველო სისტემა. ამის ნაცვლად მისი მიზანია უფრო გაართულოს ჩამომსვლელების მიღება,“ – განმარტავს ჯიუსი ნიკოლინი.

კუტროს ტრაგედიის მიუხედავად, გემები კვლავ საგანგაშო სიხშირით იძირებიან. არასამთავრობო ორგანიზაციაში „ზღვის მეთვალყურე“ (Sea Watch) სამაშველო საქმიანობაში გაჩენილ უფსკრულზე ეროვნულ და ევროპის დონეზე საუბრობენ.  მათი ჯგუფები ყოველდღე დაფრინავენ ხმელთაშუა ზღვის თავზე, რათა გასაჭირში მყოფი ნავები იპოვონ.

ტამინო ბემი, SEA WATCH-ის  საავიაციო  ოპერაციების ხელმძღვანელი:

“იმის გამო, რომ ევროპელმა აქტორებმა უკან დაიხიეს, სამაშველო-საძიებო არასამთავრობოების საქმიანობა კი დანაშაულად შეირაცხა, სამაშველო ოპერაციებში ნამდვილი უფსკრული გაჩნდა. არ არის არც სახელმწიფო დაფინანსება და არც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საძიებო და სამაშველო სამუშაოები ტრადება ხემლთაშუა ზღვაში. ძალიან ხშირად ვამჩნევთ გასაჭირში მყოფ ნავს, მაგრამ არავინაა, რომ უშველოს და დაეხმაროს ხალხს.“

სად არის ამ დროს ევროპა? ზღვაში მიგრანტების გადასარჩენად ნამდვილად არ არის –  ამბობენ არასამთავრობო სექტორში. არც მიგრანტების პირველ მასპინძელ ქვეყნებს უჭერს მხარს, როგორებიცაა იტალია, მალტა, საბერძნეთი და კვიპროსი. ისინი იმ სასაცილო მაჩვენებელსაც კრიტიკულად აფასებენ, რომელიც მიგრანტების ევროპის სხვა ქვეყნებში გადანაწილებაზე მოდის. ხოლო როდესაც ევროპა თავის ადგილზე არ დგას, თავს იჩენს უარყოფისა და ხშირად შეურაცხყოფის პოლიტიკა – ამბობენ მოხალისეთა საერთაშორისო  ქსელში „განგაშის ტელეფონი“ (Alarm Phone), რომელიც მიგრანტთა ნავების სიგნალებს აგროვებს, როდესაც დახმარებას ითხოვენ.

კიარა დენარო,  ALARM PHONE -ის მოხალისე:

“ვხედავთ, რომ ხალხი ზღვაში რამდენიმე საათის, ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება მას შემდეგაც, როდესაც ჩვენ სოს SOS სიგნალს გადავცემთ. მალტის მთავრობას არ ეხალისება სამაშველო ოპერაციების დაწყება და კოორდინაცია. ისეც მომხდარა, რომ სავაჭრო გემები გადაუმისამართებიათ, რათა  მიგრანტები ეგვიპტისკენ ან ლიბიისკენ წასულიყვნენ. ისინი სავაჭრო გემებს ეუბნებოდნენ, რომ დაეცადათ, სანამ სხვისი სანაპირო დაცვა მოვიდოდა, რათა მიგრანტები უკან გაბრუნებულიყვნენ.“

„ზღვის მეთვალყურის“ წარმომადგენლებმა გადაიღეს, თუ როგორ უხსნის ლიბიის საპატრულო ნავი ცეცხლს მიგრანტთა ნავს. 2017 წლიდან იტალია ლიბიის სანაპირო დაცვას აძლევდა თანხებსა და აღჭურვილობას და გადამზადებას უტარებდა. მალტა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თანამშრომლობის შეთანხმებების საფუძველზე ებრძოდა უკანონო მიგრაციას და აძლიერებდა საზღვრების უსაფრთხოებას.

ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი დააკავეს ზღვაში და ლიბიაში დააბრუნეს ისეთ პირობებში, რომლებიც გაეროსა და არასამთავრობო სექტორის მიხედვით  ადამიანის უფლებებს არღვევდა.

ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაციებს კიდევ ერთი დარტყმა 2023 წელს მიადგა.  იტალიის მთავრობამ არასამთავრობო სექტორს შეუდგინა  ქცევის ახალი კოდექსი, რომელიც დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმებსა და პატიმრობას ითვალისწინებს. რამდენიმე ორგანიზაცია უკვე დაზარალდა ამის გამო, მათ შორის ის სამაშველო ნავიც, რომელიც ქუჩის მხატვარმა ბენქსიმ დააფინანსა.

კატი ჯეიმსი,  LOUISE MICHEL-ის ეკიპაჟის წევრი:

“25 მარტის შემდეგ 20 დღით დაგვაკავეს. ოთხი სხვადასხვა სამაშველო ოპერაციის დროს 180 ადამიანი გადავარჩინეთ, რაც ეწინააღმდეგება იტალიის ახალ ბრძანებულებას, რომელიც ერთი სამაშველო ოპერაციის დროს მხოლოდ ერთი გადარჩენილის გადაყვანის ნებას რთავს, სანამ დანიშნულ პორტში დაბრუნდები.“

ამ წლის დასაწყისიდან 900-ზე მეტმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ე.წ. „ხმელთაშუა ზღვის სასაფლაოზე.“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი ხსნა შესაძლებელი იყო, თუკი შეიქმნებოდა კონფლიქტებისგან და სიღარიბისგან თავის დაღწევის კანონიერი გზები. თუმცა ასეთი გამოსავლისთვის მტკიცე ეროვნული და ევროპული პოლიტიკური ნებაა საჭირო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend