როგორია ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში – ეს იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც ISFED-მა და საფარმა კვლევა ჩაატარეს. კვლევის მიზანი ქალი კოორდინატორების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება იყო. კვლევის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა არჩევნებში ხელს უშლის ქალებს პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სივრცეში. მოძალადე აქტორების მთავარი ამოცანა კი ქალების პოლიტიკური კარიერის გაგრძელების სურვილის ან მათი დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის აღკვეთაა.
კვლევამ გამოავლინა, რომ ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფორმები კი მრავალგვარია – მაგალითად, საჯარო მოხელეებისა და სხვა აქტორების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, არარეგულირებული სამუშაო პირობები და ა.შ.
კვლევის მიხედვით, საქართველოში, პარტიულ პოლიტიკაში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და მათი ჩართულობა, მეტწილად, იერარქიულად დაბალი, მათ შორის, კოორდინატორის პოზიციით შემოიფარგლება. ხშირად კი პარტიები ამას წარმოაჩენენ, როგორც ქალთა წარმომადგენლობის ზრდას. კვლევის თანახმად, სინამდვილეში, ამით ხდება ქალების ინსტრუმენტალიზება – ისინი ამ პოზიციაზე, ხშირად, უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირის ან სხვა, ისეთი ფაქტორების გამო მუშაობენ, რაც გამორიცხავს მათი არჩევანის თავისუფლებას.
გამოვლენილი გამოწვევებისა და პრობლემების შესაბამისად, რეკომენდაციებიცაა შემუშავებული პოლიტიკური პარტიებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. მათ შორის საუბარია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავებაზე.
ანა ალელიშვილი