22 მაისს პირველი მთავრობის სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც თბილისის აეროპორტში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად დაჯდა რუსული თვითმფრინავი.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან მხოლოდ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. ის ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, თუმცა ქვეყანა უზრუნველყოფს, რომ საქართველოს გავლით რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდეს.
ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რომ საქართველო მიერთებულია საფინანსო და სავაჭრო ურთიერთობებში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, და საქართველოს აეროპორტში დასანქცირებული თვითმფრინავი არც აქამდე დაშვებულა და ეს არც მომავალში არ მოხდება.
ლაშა ხუციშვილმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “მანამ სანამ საქართველოს 20% არის ოკუპირებული, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგება.”