უკრაინელთა „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა შეკეთდა და კვლავ მწყობრშია. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. მანამდე რუსეთმა განაცხადა, რომ მათმა ძალებმა იგი ერთ-ერთი დარტყმის დროს გაანადგურეს.
ოთხშაბათიდან მოყოლებული რუსეთი თავს ესხმის უკრაინის ჩრდილოეთ და სამხრეთ ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევსა და ოდესის პორტს. თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინელთა კონტრშეტევის მოლოდინში კი ვითარება უფრო იძაბება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ მაღალი სიზუსტის რაკეტებით წარმატებით გაანადგურეს ყველა სამიზნე, ასევე უკრაინელთა შეიარაღება და საბრძოლო მასალა. ბოლო ინფორმაციით, უკრაინელებს „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის მხოლოდ ერთი სისტემა გადაეცათ.
იენს სტოლტენბერგი კი მიესალმება მოკავშირეების განცხადებას უკრაინელებისთვის ფრთოსანი რაკეტების გადაცემისა და უკრაინელი პილოტების გაწვრთნის თაობაზე, რათა მათ დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებზე ისწავლონ ფრენა.
ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ვიზიტით ლისაბონში იმყოფება, ელის, რომ ივლისში ნატოს სამიტზე მოკავშირეები აიღებენ ახალ ვალდებულებას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი ალიანსის დაცვას მოახმარონ.