მთავარისაქართველოთბილისში ხმელთაშუა ზღვის ფილმების ფესტივალი გაიხსნა

თბილისში ხმელთაშუა ზღვის ფილმების ფესტივალი გაიხსნა

იტალიური ნეორეალიზმი, ფრანგულ-ალჟირული კოლაბორაცია, ფილმები ოჯახურ დრამასა თუ ახალგაზრდა თურქ მოჭიდავეზე – ამ და სხვა საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი თუ სრულმეტრაჟიანი ფილმების ნახვა კინომოყვარულებს თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“, ხმელთაშუა ზღვის ფილმების ფესტივალზე შეუძლიათ.

ფესტივალი, რომელიც პირველად ტარდება, ხმელთაშუა ზღვის ექვსი ქვეყნის საელჩოს ორგანიზებით იმართება. ფესტივალის იდეა თავდაპირველად საბერძნეთის საელჩოს გაუჩნდა.

„საბერძნეთში ბევრი კინოფესტივალია. ასევე ჩვენი საელჩოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავენ ფილმების სხვადასხვა ფესტივალს. იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. გადავწყვიტეთ, მოგვეწვია ჩვენი კოლეგები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან და ერთად ჩაგვეტარებინა ფესტივალი. ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ეს მაყურებლამდე მოგვეტანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართველ მაყურებელს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ყოველდღიურობა გავაცნოთ“, – მიიჩნევს საქართველოში საბერძნეთის ელჩი მარია თეოდორუ.

ხმელთაშუა ზღვის ფილმების ფესტივალზე საბერძნეთის საელჩოსთან ერთად, კიდევ ხუთი ქვეყნის – თურქეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და ისრაელის საელჩოები მუშაობდნენ. ფესტივალზე სწორედ ამ 6 ქვეყნის რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმები იქნება ნაჩვენები

„საქართველოში ბევრი კინოფესტივალი იმართება. საქართველო კინომოყვარულების და კინოს შემქმნელების ქვეყანაა. ამიტომ ჩვენთვის დიდი პატივია, ჩავატაროთ ხმელთაშუა ზღვის ფილმების პირველი ფესტივალი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს ვაჩვენოთ, რომ სხვადასხვა ქვეყანას, სხვადასხვა ეროვნებით, საერთო რამ აკავშირებს და ეს ხმელთაშუა ზღვის იდენტობაა. გვჯერა, რომ ამ იდენტობასთან საქართველოც ახლოსაა, რადგან შავი ზღვის მეშვეობით ის ჩვენი მეზობელია“, – ამბობს საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი.

ხმელთაშუა ზღვის ფილმების ფესტივალზე წარდგენილ ფილმებს საერთო თემატიკა აქვს, რომელიც უნივერსალურ ღირებულებებს, თავისუფლებას, თანასწორობას, ქალებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვას ეფუძნება.

ფილმები ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ცხოვრების სტილს, კულტურას, ენერგეტიკასა და ყოველდღიურობას გადმოსცემს.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანია, ქართველმა მაყურებელმა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების შესახებ უფრო მეტი შეიტყოს.

„როცა ელჩი ხარ, ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები და მათ შენი ქვეყნის შესახებ უყვები ამბებს. თუმცა ქვეყნის გაცნობა კულტურის მეშვეობით უფრო მარტივია. ჩემთვისაც ასეა. წიგნის კითხვის, ფილმებისა და სპექტაკლების მეშვეობით შესაძლებელია, ქვეყნის შესახებ ძალიან ბევრი რამ შეიტყო. ეს გზა ხშირად უფრო ეფექტიანიც კია. შემიძლია, ისრაელზე ბევრი ვისაუბრო, თუმცა თუ მინდა, რომ ქართველმა ხალხმა ისრაელის კულტურის შესახებ ოდნავ მეტი შეიტყოს, ფილმების ნახვა უნდა შევთავაზოთ“, – ამბობს საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას ესტერ მეიცადი.

„ჩვენ, ექვსი ქვეყნის საელჩომ გადავწყვიტეთ, ქართველ საზოგადოებას გავაცნოთ ხმელთაშუა ზღვის სპეციფიკა. აქ საერთო იდენტობასთან ერთად ძალიან დიდ მრავალფეროვნებას იხილავ. ფესტივალზე შეგვიძლია საერთო კულტურის სხვადასხვა რეალობა ვაჩვენოთ. საქართველოს შეუძლია, ჩვენ უკეთ გაგვიცნოს. ამავდროულად, ქართველები ცოტათი თავიანთ თავსაც ამოიცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ხმელთაშუა ზღვას არ ესაზღვრება, ბევრი საერთო გვაქვს. მაგალითად, თქვენი ოჯახური ღირებულებები, თქვენი ტრადიციებისადმი, კულტურისა და კულინარიისადმი დამოკიდებულება. აქ ძალიან ბევრი მსგავსებაა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ ფილმებში ქართველი მაყურებელი თავის თავსაც ამოიცნობს“, – განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ.

ხმელთაშუა ზღვის ფილმების პირველი ფესტივალი 16 მაისს კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნა და, ევროპელი ელჩების გარდა, მას კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და კინომოყვარულები დაესწრნენ. გახსნის ცერემონიის შემდეგ ექვსი ქვეყნიდან ექვსი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

„ხმელთაშუა ზღვა ყოველთვის იყო კულტურებისა და ხალხების დამაკავშირებელი. ჩვენ, ხმელთაშუა ზღვის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელთაც თბილისში საელჩოები გვაქვს, ამ ცივილიზაციების ზღვამ შთაგვაგონა, თბილისში გაგვემართა ხმელთაშუა ზღვის პირველი კინოფესტივალი. საქართველო, რომელიც ცნობილია თავისი კულტურით, სტუმარმასპინძლობითა და თბილი ხალხით, ხმელთაშუა ზღვის ღირებულებებსა და ტრადიციებსაც იზიარებს. ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის მსგავსი კულტურისა და ტრადიციების მქონე სხვადასხვა ქვეყანას აერთიანებს. ხმელთაშუა ზღვის გარშემო ხალხებსა და კულტურებს შორის ურთიერთობები მუდამ ვითარდებოდა. შესაბამისად, ეს კინოფესტივალი კიდევ უფრო დააახლოებს და დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს“, – განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ.

ხმელთაშუა ზღვის ფილმების პირველი ფესტივალი 21 მაისს ჩათვლით გაგრძელდება, სეანსებზე დასწრება ყველასთვის უფასოა.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend