ბახმუტი რუსებისთვის აუღებელ ციხე – სიმაგრედ რჩება. უკვე თითქმის ერთი წელია რაც კრემლი დონბასში, დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქის აღებას ცდილობს. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რეკრუტირებული პატიმრებით ცდილობს ფონს გავიდეს, მაგრამ ფრონტის ხაზზე განცდილი წარუმატებლობის ფონზე „ვაგნერსა“ და რეგულარულ რუსულ არმიას შორის დაპირისპირება იმატებს, უკრაინელი სამხედროები კი მომავალი კონტრშეტევისთვის ემზადებიან.
მძიმე ბრძოლისა და კატასტროფული დანაკარგების მიღების ფონზე, ოკუპანტებს რამდენიმე თვის განმავლობაში სიმწრით დაპყრობილი მიწის დათმობა უწევთ.
„შესაძლოა გარდამტეხ მომენტთან გვქონდეს საქმე, ნათელია რომ რუსულ მხარეს აქამდე უპირატესობა ჰქონდა, უკრაინელებმა ძალებს თავი მოუყარეს და რუსულ იერიშს მედგრად დახვდნენ, რუსულმა მხარემ მიდგომა შეცვალა და კვლავ შეტევაზე გადავიდა, მიუხედავად ამისა რუსულ მხარეს მცირე წინსვლა ჰქონდათ მაგრამ ფაქტია რომ ბახმუტი, ქალაქი სადაც ომამდე 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ჯერ კიდევ არ აუღია რუსულ არმიას”, – ამბობს ბრიტანელი სამხედრო მკვლევარი ჯასტინ კრამპი.
უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის დინამიკით კმაყოფილნი არიან და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევის მოლოდინი აქვთ.
„ჩვენს წინსვლას და მტრის მიერ მიღებულ დანაკარგებს რაც შეეხება ეს ფრონტის ხაზზე კარგად ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ უფრო მეტი გამარჯვებაა“, – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი.
ბრძოლაში ორივე მხრიდან მსხვერპლი დიდია. ჯარისკაცები ფრონტის ხაზის სიახლოვეს ბუნკერში არიან გამაგრებულნი და სამხედრო დრონებს მართავენ.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, ვიცით რას ვაკეთებთ და როგორ. თავდასხმაც ვიცით და თავდაცვაც. არ ვიცი რამდენი წლის მერე მაგრამ ამ ომს ჩვენ მოვიგებთ“, – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი.
განცდილი წარუმატებლობის ფონზე, „ვაგნერსა“ და რეგულარულ რუსულ არმიას შორის დაპირისპირება იმატებს.