„ქართული ოცნების“ მიერ 24-საათიანი ვადა ოპოზიციისთვის ჩართულია. ამ დროში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პარლამენტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნად, 5 არამოსამართლე წევრის კანდიდატურები უნდა წარუდგინონ. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ეს პროცესი ორი წელია მიმდინარეობს და ოპოზიციას კიდევ ერთ მოკლე შანსს აძლევენ თანამშრომლობისთვის. ამ საკითხის განხილვა, პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებშიც მოხდა. რომელსაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა, სამოქალაქო სექტორის ნაწილიც დაესწრო.
“24 საათზე კი არ გვაქვს საუბარი, 12 თვე ვიცდიდით და არ დააფიქსირეს არავითარი პოზიცია, დალოდებას აზრი არ აქვს – საკითხი კენჭისყრაზე გავა, ვისაც უნდა, დაუჭიროს მხარი, ვისაც არ უნდა, არ დაუჭიროს – გაირკვევა ვის უნდა კანდიდატის სტატუსი და ვის – არა. თითქმის ერთი წელია, რაც ოპოზიციას შევთავაზეთ, მისაღები კანდიდატურები დაესახელებინა, თუმცა ამდენი ხანია, უარს ამბობენ, რაც არასწორია. ეს მიუღებელია. კიდევ ერთხელ შევთავაზეთ, მათთვის სასურველი კანდიდატურების დასახელება, რაზეც უარს ამბობენ. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ თვითმიზანს, რომ ამ საკითხზე კენჭისყრა ჩააგდონ. რა რისკზეა საუბარი, ჩავარდება და ჩავარდება. თუ თავიდან დაიწყება, თავიდან დაიწყება პროცედურა. დრო არის”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ 24 საათიანი ვადა, ეს უბრალოდ ულტიმატუმია „ქართული ოცნების“ მხრიდან და არა შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. ოპოზიციაში დიდი ხანია ამბობენ, რომ სასამართლოში რეალურ პრობლემას ე.წ. „კლანური სისტემა“ და პოლიტიკური გავლენები წარმოადგენს და თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურს სასამართლო სისტემის მანკიერებისგან გაწმენდა, მაშინ არა 24-საათიან ვადებზე, არამედ შენიშვნების მიმღებლობასა და მის გამოსწორებაზე უნდა ფიქრობდეს.
„ეს საკითხი ოპოზიციამ დღის წესრიგში ჯერ კიდევ ორი წლის წინ დასვა. ჩვენ დავიწყეთ მოთხოვნა, რომ პარლამენტს აერჩია 5 არამოსამართლე წევრი, რომელთა გარეშეც იუსტიციის საბჭოს დღეს კონსტიტუციური ლეგიტიმაცია აკლია. ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ დაიწყო ამ საკითხზე ფორმალური პროცესი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ამოცანა და მზაობა არის, რომ იუსტიციის საბჭოში კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანები შევიდნენ, რომლებიც საზოგადოების ინტერესების დამცველები იქნებიან. ოპოზიცია მზადაა, ხელი შეუწყოს ასეთი ადამიანების არჩევას პარლამენტში, თუ ხელისუფლება გაიაზრებს, რომ ასეთი კომპეტენტური და კეთილსინდისიერი ადამიანების არჩევა საბჭოში არის სახელმწიფოსთვის და მართლმსაჯულებისთვის აუცილებელი ამოცანა. რაც შეეხება ულტიმატუმის, ვადის დათქმის და წამზომის ჩართვის საკითხს, ეს არ არის მიდგომა, რომლითაც შესაძლებელია, რომ შედეგი დაიდოს. წამზომის ჩართვაზე და ულტიმატუმებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ და ნუ ისაუბრებს ხელისუფლებაც. ხელისუფლება აბრკოლებდა, ოპოზიციის აქტიურობის შემდეგ კი, ეს პროცესი გაიხსნა. ბოლო 5 თვეა გაჭიანურებულია ეს პროცესი და 24-საათიანი წამზომის ჩართვა არაა ის მიდგომა, რაც შედეგზე გაიყვანს ან ხელისუფლებას, ან ამ ქვეყანას”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ის წლების განმავლობაში ებრძოდა სასამართლო სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებს პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახლა მიმდინარე პროცესი „ქართული ოცნების“ მხრიდან მხოლოდ ფორმალობაა, რადგან მისი აზრით ხელისუფლება არავისგან მიიღებს ისეთ იდეებს, რაც მართლა გაწმენდს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და შესაბამისად სასამართლო სისტემას გავლენებისგან.
„სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით, რეკომენდაციები ორ ძირითად საკითხს ეხება. ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასა და სასამართლო დამოუკიდებლობას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ის, რაც ამჟამად საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის სახით იქმნება, ვენეციის კომისიის დასკვნებს გარკვეულწილად ითვალისწინებს, თუმცა ეს არ არის ისეთი სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც შეძლებს საქართველოს სასამართლოში არსებული გამოწვევები დააკმაყოფილოს. სასამართლო რეფორმის პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება” სამოქალაქო საზოგადოებას კარს უკეტავს. ჩვენ არ მოგვცეს საშუალება პროცესში მონაწილეობა მიგვეღო და როგორც ვიცი, სამუშაო შეხვედრა დღესაც იმართება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოსამართლეებს ინდივიდუალური დამოუკიდებლობა ჰქონდეთ და, რა თქმა უნდა, სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, დამოუკიდებელი იყოს. ამისთვის საჭიროა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გავითვალისწინოთ და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად, როგორც ამას ახლა აკეთებენ”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალი სასამართლოს მისაღებად, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ საპარლამენტო საქმიანობა, მმართველმა გუნდმა 15 მაისს განაახლა. სასამართლო სისტემის რეფორმისთვის საჭირო ერთ-ერთი საკითხი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტება, ევრორეკომენდაციების საკვანძო პუნქტის შესასრულებლადაა აუცილებელი. კანდიდატების წარსადგენად, 24 საათიანი ვადა ოპოზიციას 17 მაისს ამოეწურება.
ალეკო გვეტაძე