ჩრდილოეთ მაკედონიაში პრესპის ტბის სანაპიროზე მდებარე მეტეოროლოგური სადგურის წარმომადგენელთა შეფასებით, აპრილში ისევე, როგორც წინა თვეებში, გასულ წლებთან შედარებით ქვეყანაში რეკორდულად მცირე ნალექი იყო.
არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობები, რომლებიც კლიმატის ცვლილებითა და ადამიანის გარემოზე ზემოქმედებით არის გამოწვეული, საფრთხეს უქმნის ამ მილიონობით წლის ლანდშაფტს.
რესენის ეკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი აიამ ალ-მალა საუბრობს ორი სახის სერიოზულ საფრთხეზე. პირველი – ეს არის ანთროპოგენური ზემოქმედება ანუ ადამიანების არასწორი აქტივობა ტბის მიმდებარედ, მეორე კი კლიმატის ცვლილებაა.
ტბის წყლის დონის მკვეთრი კლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ რეგიონის მდიდარ ბიომრავალფეროვნებასა და ფრინველთა ენდემურ სახეობებს.
ბიოლოგი ნიკოლა ზდრავევსკი აღნიშნავს, რომ წყლის დონის კლება პირდაპირ მოქმედებს ტბის ბიომრავალფეროვნებაზე და აუარესებს ამ ტბის ბინადრების ყოფას. გარკვეული სახეობები ვეღარ პოულობენ საკვებს, რაც მათ არსებობას უქმნის საფრთხეს. ამიტომ ისინი იძულებული არიან, ეს არეალი დატოვონ და სადმე სხვაგან წავიდნენ.
ერთი წლის წინ წყლის დონე მითითებულ ნიშნულზე იყო, ახლა კი ეს ხაზი ხუთი მეტრით ქვემოთაა. ეს დრამატული ეკოლოგიური ვითარების ილუსტრაციაა. ტბის წყლის მოზიარე სამივე ქვეყანამ მდგომარეობის გამოსასწორებლად სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები.