მთავარიგადაცემებითვითმხილველიბიომრავალფეროვნების ფასი: ნიდერლანდელი ფერმერები გამონაბოლქვის რეგულაციების წინააღმდეგ

ბიომრავალფეროვნების ფასი: ნიდერლანდელი ფერმერები გამონაბოლქვის რეგულაციების წინააღმდეგ

თვითმხილველის“ ბოლო ეპიზოდში „ევრონიუსი“ ნიდერლანდებში ჩავიდა, სადაც ფერმერების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა სამთავრობო გეგმით, რომელიც მეცხოველეობის განახევრებას ისახავს მიზნად რათა შეამციროს ქვეყანაში გარემოს მთავარი დაბინძურების წყარო – აზოტის ნარჩენები. 

აღშფოტებულ ფერმერებზე სპეციალური რეპორტაჟის მომზადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ევროკომისიამ 2 მაისს დაამტკიცა 1.47 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი ნიდერლანდების მთავრობისთვის, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს ნაკრძალების ირგვლივ მდებარე 3 000-მდე ფერმის გამოსყიდვა და და დახურვა. ეს გამოსყიდვის სქემა ნიდერლანდებში აზოტის მზარდი მაჩვენებლის შემცირება.

ნიდერლანდელი ფერმერები ძალიან ბრაზობენ, რადგან მათ მოსთხოვეს, ნაკლები ნაკელი აწარმოონ. ნიდელრანდები მსოფლიოში მეორე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია სოფლის მეურნეობის პროდუქტის თვალსაზრისით. შედეგად გარემო სულ უფრო მეტად ბინძურდება აზოტით, ნაკრძალები ნადგურდება და ფლორისა და ფაუნის სახეობათა გადაშენება უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ამიტომ ჩნდება კითხვა: შეძლებს მთავრობა  მეცხოველეობის განახევრებას, თუ მიიღებს ფერმერთა ბუნტს? ამჯერად „ევრონიუსი“ პირდაპირ ფერმიდან ჩაგერთვებათ.

ომგო ნივეგი მესაქონლეობას მისდევა  სოფელ ადორპში –  გრონინგენის პროვინციაში. ომგოს 190 ძროხა ჰყავს, რომლებიც დღეში  29 ლიტრ რძეს იწველებიან.  მაგრამ საქონლის ექსკრემენტებისა და შარდის ნაზავი  სავსეა ამიაკითა და აზოტით. ამიტომ კანონი საქონლის რაოდენობის შემცირებას ითხოვს. ომგო მეოთხე თაობის მესაქონლე-ფერმერია. მესაქონლეობა რომ გააგრძელოს, მის ფერმას აზოტის გამონაბოლქვის ლიცენზია სჭირდება, რომელიც ვერ აიღო.

„არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო, როდესაც დილით დგები ძროხების მოსაწველად და თან ფიქრობ, რას მოგიტანს მომავალი კვირა,“ – ამბობს ომგო.  „პერსპექტივა აღარ გვაქვს. ახლა უფრო მაშინებს მომავალი, ვიდრე საქმის დაწყების დროს ხდება. ახლა მეტია შიში.“

ედი ვან მარუმი  და ომგო ძველი მეგობრები არიან, კლასელები. ედიმ ყველაფერი იცის ევროკავშირის კანონმდებლობაზე, ეხმარება ფერმერებს საგრანტო განაცხადების შევსებაში.  რამდენიმე კვირის წინ ედი ფერმერთა საპროტესტო პარტიის BBB-ის წევრად აირჩიეს გრონინგენის პროვინციის პარლამენტში.

„პრობლემა ის არის, რომ მთავრობა პერსპექტივას აღარ გვაძლევს. ჩვენ პერსპექტივა გვჭირდება, რომ ჩვენმა კომპანიამ მუშაობა გააგრძელოს,“ – ამბოსბ ომგო.

„პრობლემა ნიდერლანდების კანონშია: ისინი ფერმერებს ყოველგვარ პერსპექტივას ართმევენ იმის გამო, რომ მხოლოდ ერთი – აზოტის პრობლემა მოაგვარონ,“ – განმარტავს ედი.

„ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ფერმა ვამუშაოთ. სოფლის მეურნეობაში უნდა მოხდეს გარდაქმნა და ჩვენ ვემხრობით ამას, მაგრამ მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს,“ – ასეთია ომგოს აზრი.

ფერმერების ამბოხი?

აქამდე ფერმერები შემდეგი მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ: მეტი საქონელი, მეტი რძე, მეტი ფული. როდესაც ევროკავშირმა რძეზე კვოტები მოხსნა, მრავალმა ფერმერმა საქმიანობა გააფართოვა – ომგოც მათ რიცხვშია. მან თავის მეზობლის ფერმა შეიძინა და სურს, რომ უფრო ეკომეგობრული სარძეო მეურნეობა გააკეთოს, მაგრამ…

„…ბანკმა უარით გამოგვისტუმრა,“ – გვიხსნის ომგო. „გვითხრეს, რძე ისე ინტენსიური გზით აწარმოეთო, 240 ძროხა იყოლიეთო. ამაზე მე ვთქვი უარი, არ მინდა ასე. ჩვენ ეკომეგობრული გზით გვსურს სიარული, მხოლოდ 180 ძროხა მინდა ვიყოლიო.“

მთავრობას სურს, რომ ფერმები გამოისყიდოს და დახუროს. უკიდურეს შემთხვევაში ფერმების გაყიდვა სავალდებულო იქნება. ამიტომ გაბრაზებული ფერმერები უკვე სამი წელია ბლოკადებს აწყობენ. ბლოკირებაში მონაწილეობა ომგომაც მიიღო და პოლიციამ თავი დაუზიანა.

ველიუვეს ეროვნული პარკი

ევროკავშირის დაცული ტერიტორიების ქსელის Natura 2000-ის 161 ტერიტორია ნიდერლანდებში მდებარეობს. აქედან 123 ჭარბად ბინძურდება აზოტით. მათ შორის არის ქვეყნის შუაგულში მდებარე უზარმაზარი ველიუვეს ეროვნული პარკიც.

როი ვიხინკ კრუიტი ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ეროვნული ინსტიტუტის RIVM -ის ჰაერის ხარისხის ინსპექტორია. მან კარგად უწყის ეს ამბავი – ფლობს ინფორმაციას არა მხოლოდ ამიაკისა და აზოტის საზომი სადგურების შესახებ, არამედ იცის ფაქტებიც და რიცხვებიც. იგი ჰაერის ხარისხის მარეგულირებელ სახელმწიფო ადმინისტრაციაში მუშაობს.

„ჩვენ 300-ზე მეტი საზომი სადგური გავქვს ნიდერლანდებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგად განვითარებული ქსელი გვაქვს,“ – ამბობს როი.

იგი თვეში ერთხელ იღებს მონაცემებს და მერე ლაბორატორიაში მიაქვს ანალიზის ჩასატარებლად.

ველიუვეს პარკი ერთი შეხედვით, სუფთა ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია. ნიდერლანდებში მესაქონლეობის მავნე გავლენა ბუნებაზე ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მაგალითად, ამ ჭაობს ირგვლივ ფერმები აკრავს: წყალი, ნიადაგი და ჰაერი გაჯერებულია ამიაკითა და აზოტით – ამიტომაც ჩვეულებრივი ბალახი ყველაფერს მოედო და ფლორის იშვიათი  სახეობები შეავიწროვა.

„ნიდერლანდებში ამიაკის საერთო რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტი სოფლის მეურნეობიდან მოდის,“ – ამბოსბ როი. „მეცნიერებმა აჩვენეს, რომ აზოტი ბუნების დეგრადაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობს, აზოტის შემცველობის ჩვენთან დაშვებულ კრიტიკულ ზღვარს ვაჭარბებთ. ჩემი აზრით, სამოცდაათიანი წლების შემდეგ საქონლის გაზრდილმა რაოდენობამ შეუწყო ხელი ატმოსფეროში აზოტის მომატებას.“

გადამფრენი ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი მარშრუტი ნიდერლანდებზეც გადის, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისია, თუ რატომ არის ამ ქვეყნაში ბევრი ნაკრძალი. ომგოს ფერმაც ახლოს არის დაცულ ზონასთან. ომგოს მეგობარი ედი, როგორც გრონინგენის პროვინციის პარლამენტის ახლად არჩეული წევრი, ფერმერთა საპროტესტო პარტია BBB-ის  წევრი, შეეცდება ცენტრალური ხელისუფლების აზოტის შემცირების პოლიტიკა შეაფერხოს.

„ფაქტია, რომ დანამდვილებით არ არის ცნობილი, თითქოს აზოტის გამონაბოლქვი 25 კილომეტრით დაშორებულ ნაკრძალში ილექება…ეს ყველაფერი მხოლოდ გამოთვლით მოდელში დევს და არ არის გაზომილი ადგილზე,“ – ამბოსბ ედი.

ომგო და ედი ბუნების დაცვის წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ მათ შემოსავლის დაკარგვა აფიქრებთ. ეს ადრე ომგოს ძროხების საძოვარი იყო. მაგრამ მეგობრებმა წყლის დონე ასწიეს და ნოტიო მდელოდ  გადააქციეს მიწაზე კვერცხის მდებელ ფრინველთა სახეობებისთვის, როგორებიც არიან: პრანწია და შავკუდა ლია.

„ეს  ის სახეობებია, რომელთა კონსერვაციაც ევროკავშირს სურს,“ – გვიხსნის ედი. „სინამდვილეში ეს ფერმერებს შემოსავალს არ აძლევს, პირიქით, ეს მათ ძვირი უჯდებათ…ასე რომ, ეს სისტემა არ არის გამართლებული. ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გადაიხადოს ბიომრავალფეროვნებისთვის.“

ედი პოლიტიკურ ოპონენტებს აკისრებს პასუხისმგებლობას სოფლად თვითმკვლელობათა გაზრდილ მაჩვენებელზე, მას უკვე რამდენჯერმე მოუწია მიცვალებულთა გაპატიოსნება.

„უამრავი ფერმერი ისეთი სასოწარკვეთილია იმ ყველაფრის გამო, რასაც მთავრობა უკეთებს, რომ სიცოცხლეს ისწრაფავენ. მე თავად მომიწია, რამდენჯერმე ჩამოხრჩობილის გვამისთვის მიმეხედა, ეს ძალიან მძიმეა,“ – ამბობს ედი.

დე პელის ტორფის ჭაობი

ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე დე პელის ტორფის ჭაობი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ფერმერებსა და გარემოს დამცველთა შორის აზოტის ირგვლივ მიმდინარე დავაში. ეს რეგიონები ნაკელის გამო რომ არ განადგურდეს, 2019 წელს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ  მთავრობას ზომების მიღება დაავალა. სამთავრობო კოალიციამ პირობა დადო, რომ ქვეყანაში აზოტის გამონაბოლქვის მოცულობას 2030 წლისთვის გაანახევრებდა. სოფლის მეურნეობაში გარდამავალი ეტაპისთვის რომ შეეწყო ხელი, მთავრობამ 24 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდი შექმნა – მაგრამ ამ ფონდის დახმარებას ევროკავშირმა უნდა დართოს ნება. ეს სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხია, რადგან ევროკავშირის არცერთ სხვა ქვეყანაში  არ არის აზოტის დონე ასეთი მაღალი.

„ მთელი სისტემა ამჟამად ეფუძნება იმპორტირებულ ნედლეულს, რომელიც საქონლის გამოსაკვებად მთელი მსოფლიოდან შემოაქვთ, ნაკელის პრობლემის მოგვარება კი ჩვენ გვიხდება,“ – განმარტავს ვიმ ვან ოპბერგენი, ფონდის „გადაარჩინე დე პილი“ წარმომადგენელი. „ნიდერლანდებმა სრულიად განსხვავებული აგრარული წარმოების მეთოდს უნდა მიმართოს და უფრო ეკოლოგიურ სისტემაზე უნდა გადავიდეს. აზოტის მაღალი შემცველობის გამო ისედაც სწრაფად მზარდი მცენარეები იშვიათი სახეობის მცენარეებს ჩაგრავენ. ამიტომ ბიომრავალფეროვნება საფრთხეშია, რადგან ჯიშები შემცირდება.“

ვიმის აზრით, ტორფის ჭაობს არასახარბიელო პერსპექტივა აქვს, რადგან ადგილობრივ არჩევნებში ფერმერთა საპროტესტო პარტიის გამარჯვება აზოტის შემცირების პოლიტიკას შეაფერხებს. კიდევ უფრო გართულდება ფერმების სავალდებული გაყიდვა. ნიდერლანდებში კანონის აღსრულებაზე ადგილობრივი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, ამ თვალსზრისით კი პროტესტანტი ფერმერები დომინირებენ. ვიმის მსგავსი გარემოსდამცველები შეძრწუნებული არიან, რადგან, მათი აზრით, გარემოს დაცვის ზომები უნდა დაჩქარდეს და არა შენელდეს.

„ტორფის ჭაობიდან 10 კილომეტრის რადიუსშიც რომ შეაჩერო ყველა ფერმა, აზოტის დონე მხოლოდ 20 პროცენტით შემცირდება,“ – ამბობს ვიმი. „ეს ნიშნავს, რომ გარემოს დაცვის ზომები მთელ ნიდერლანდებში უნდა გატარდეს, ასევე მის მეზობელ ქვეყნებშიც, როგორებიცაა გერმანია და ბელგია.“

ვიმი 40 წელია იბრძვის, რომ ტორფის ჭაობი ნაკრძალად იქცეს. თავის თანამოაზრეებთან ერთად მან წარმატებით გაიარა ყველა სამართლებრივი საფეხური.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ აზოტის შემცირების სამთავრობო პროგრამა ყალბია. არ მგონია, რომ პოლიტიკოსების დარწმუნება მოვახერხეთ, უფრო მოსამართლეები დავარწმუნეთ – სახელმწიფო საბჭო – და მათ გვითხრეს, რომ სარჩელი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში წარგვედგინა. ამ სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა და დაგვეთანხმა, რომ ნიდერლანდებმა არ შეასრულა ევროპული რეგულაციები. რუკაზე ეს ფერი ნიშნავს, რომ ტორფის ჭაობში აზოტის დონე ძალიან მაღალია,“- განმარტავს ვიმი.

ევროკომისიამ „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ შესაძლოა სამართალდარღვევებზე საქმე აღიძრას, თუკი ნიდერლანდები  გააგრძელებს ბუნების დაცვის მარეგულირებელი ეროვნული და ევროპული კანონების დარღვევას.

„ახლა ტორფის ჭაობში ხავსი ისევ იხარებს. ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა მხოლოდ გარემოსთვის კი არ არის აუცილებელი, არამედ კაცობრიობისთვისაც. ბიომრავლფეროვნების დაცვის გარეშე კაცობრიობა ვერ იარსებებს.“

ნიოდერლანდებში უკვე დაიწყეს დაცული ტერიტორიების მიმდებარე საძოვრების შესყიდვა და ბუნებრივი პირობების აღდგენა – ისევე, როგორც აი, აქ,  დე პელის ტორფის ჭაობის მახლობლად. მაგრამ ბუნება ნამდვილად რომ გადარჩეს, მეცხოველეობის ფერმები მთელ ქვეყანაში უნდა შემცირდეს.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend