მთავარიკუბირუსეთთან ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა - რეაქცია სოციალურ ქსელში

რუსეთთან ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა – რეაქცია სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში მომხმარებლებს შორის დისკუსიები იმართება. დიდი ნაწილი რუსეთთან ფრენების აღდგენასა და უვიზო რეჟიმს აპროტესებს, თუმცა ზოგიერთის აზრით გადაწყვეტილება თვითონ ქართველებს დაეხმარება, განსაკუთრებით მათ, ვისაც რუსეთში ახლობლები ჰყავს, უფრო მარტივად რომ შეძლონ რუსეთში ჩასვლა.

პროტესტს გამოთქვამს საქართველოს ტურისტული სააგენტოების ნაწილი. “რუსეთში ექსკურსიები არ გვაქვს და არც გვექნება”, – წერს ერთ-ერთი ტურისტული კომპანია.

სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა გიორგი ფხალაძემ, რომლის თქმითაც, უარს ამბობს მოემსახუროს პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს და ტოვებს თანამდებობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

დღეს, “ტავ ჯორჯია” ეხმაურება კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ეხმაურება კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებულნი ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის 1-ელ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ფხალაძეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა, საჰაერო ხომალდების მომსახურებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. შესაბამისად, სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ „რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება“, – წერია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას კმაყოფილებით შეხვდნენ რუსეთის პროპაგანდისტები. “რაშა თუდეის” მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ წელს 9 მაისს ქართული მხარე მოსკოვშიც ჩავა.

„პრეზიდენტი, რომელიც თავს დაესხა ჩვენს მშვიდობისმყოფელებს, ქართველებმა უკვე ჩასვეს ციხეში, სანქციებს არ შეუერთდნენ, მეორე ფრონტი არ გახსნეს, თუმცაღა ძალიან კი ურტყეს ამის გამო, რათა გაეხსნათ. მომავალ წელს ალბათ 9 მაისსაც ჩამოვლენ“, – წერს სიმონიანი.

ტელეწამყვანი და პროპაგანდისტი სერგეი მარდანი ტელეგრამარხზე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით წერს –  “მოიქეცი კარგად და რუსეთის მეფე დაგასაჩუქრებს”.

პროპაგანდისტი ჟურნალისტი თინა კანდელაკიც გამოხატავს სიხარულს და გამოთქვამს იმედს, რომ ქართველი პოლიტიკოსები მსგავს დამოკიდებულებას შეინარჩუნებენ.

„კითხვა მხოლოდ ის არის, ეყოფათ თუ არა ქართველ პოლიტიკოსებს ჭკუა, რომ ეს სიტუაცია შეინარჩუნონ. კარგად გამოვიდა ღარიბაშვილი სანქციებთან დაკავშირებით და ამაში მას მხარი დაუჭერა თბილისის მერმა კახა კალაძემ. რატომ უნდა დაუჭიროს საქართველომ მხარი სანქციებს? რატომ ესროლოს საკუთარ თავს ფეხში? იმედი მაქვს, რომ გონება გაიმარჯვებს და კიდევ ერთ შანსს, რომელიც რუსეთმა საქართველოს მისცა, ჩვენ ქართველები გამოვიყენებთ 100%-ით“,-  წერს რუსეთის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend