უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებიც ახლა რუსული ოკუპაციისგან თავისუფალია, ფერმერები საგაზაფხულო თესვის სეზონისთვის ემზადებიან. ისინი, დიდი საფრთხის მიუხედავად, ცდილობენ თავიანთი მიწების რუსული ნაღმებისგან გაწმენდას. გარდა ამისა, ფერმერებს მზარდ ხარჯებთან დაკავშირებულ იმ პრობლემებთან უწევთ გამკლავება, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკირებამ გამოიწვია.
ერთ-ერთი ფერმერი ოლეჰ უსხალო ამბობს, რომ იმ ფერმერების სიცოცხლეს, რომლებიც მარტო მუშაობენ, საფრთხე ემუქრება, მაგრამ ისინი მაინც გადიან მინდორში და ასუფთავებენ. ზოგი ნაღმზე ფეთქდება. თუმცა ეს მიწა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
გასულ წელს მათ მოსავალი ვერ აიღეს, ზამთრამდე ვერ მოესწრო დათესვა. ახლა კი მზესუმზირა თუ არ დათესეს, შემოსავლის გარეშე დარჩებიან. ოლეჰ უსხალო კი მუშახელს ქირაობს. მაგრამ როცა იცის, რომ იქ ბომბები და ნაღმებია, ვეღარ აგზავნის მათ მინდორში სამუშაოდ. ამიტომ იგიც გაკოტრების პირასაა. როგორც თავად ამბობს, კიდევ ერთი წელს გაძლებს, თუმცა მას მთავრობის დახმარება და კომპენსაცია სჭირდება იმ მოსავლისთვის, რომელიც გასულ წელს მთლიანად განადგურდა.