მთავარისაქართველოსაგამოძიებო კომისიიდან საკონსტიტუციო სასამართლომდე

საგამოძიებო კომისიიდან საკონსტიტუციო სასამართლომდე

ოპოზიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს

ქართულ სასამართლო სისტემაში ე.წ. „კლანისა“ და შესაძლო კორუფციული ფაქტების დამდგენი საგამოძიებო კომისია პარლამენტში, მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ შეიქმნა.

„ქართული ოცნების“ ურყევი პოზიციით, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხი, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევაა. ამის მიზეზად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ასევე  იშველიებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელ სასამართლოს რომელიც ათ წელზე მეტი ხნის წინ იყო.

„ქართულ ოცნებაში“ ასევე იმასაც ამბობენ, რომ ოპოზიციას უბრალოდ სალაპარაკო თემა მიეცა და სასამართლო იმდენად თავისუფალია, რომ გამოსაძიებელი არაფერია.

„ეტყობა, ოპოზიციიდან ხელმოცარულებმა დიდი ხანი იფიქრეს და თქვეს, ახლა „ჩვენი დროა“ და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. მიიღეს გადაწყვეტილება, თავი გამოიჩინონ – პარლამენტში ვიღაცამ შეამჩნიოს, რომ რაღაცისთვის იბრძვიან და ვინ? ამ ხალხის დიდი უმრავლესობა 2012 წელს აქციებს გვიწყობდა და გვიკიჟინებდა, მოსამართლეებს ხელი არ ახლოთო. მეტიც, ამბობდნენ, მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონ. მაშინ, როცა ვთქვით, რომ სასამართლოში ჩარევას არ ვაპირებთ და თავად უნდა გაერკვნენ. როგორც კი მიხვდნენ, რომ „ნაცებმა“ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს, ახალი კამპანია ააგორეს. „ნაცმოძრაობამ“ უნდა გაასამართლოს მოსამართლეები, ეს არის სამართლიანობა და ნორმალური? საშუალებას არ მივცემთ, ქვეყანას საბოტაჟი მოუწყონ და სასამართლო გაასამართლონ, რადგან მათი ამოცანაა ქაოსი, ყიყინი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ოპოზიციაში მყოფი დეპუტატები, კომისიის ვერ შექმნის მიზეზად „ქართული ოცნების“ შიშებს მიიჩნევენ. საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი და ამ საკითხის მხარდამჭერი დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველ პარტიას სიმართლის გამხელის ეშინია, რომელიც ე.წ. „კლანს“ გამოავლენს. ამით კი სისტემა ჩამოიშლება. მმართველი პარტიის ოპონენტები ახლა აპირებენ, რომ სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან მათი შეფასებით „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკითხზე ოპოზიციის ხელშეშლით კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმები დაარღვია.

„ის, რაც უმრავლესობამ გააკეთა პარლამენტში, კონსტიტუციის და რეგლამენტის უხეში დარღვევაა, მათ ფაქტობრივად, საბოტაჟი მოუწყვეს კონსტიტუციურ პროცესს. თუ უმრავლესობა უარს არ იტყვის კონსტიტუციის დარღვევაზე, მაშინ ჩვენ გვრჩება საკონსტიტუციო სარჩელის გამზადების გზა და ვაპირებთ ვიბრძოლოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით. ჩვენ სამჯერ ვიხილეთ, საქართველოს პარლამენტში ბოიკოტი, რომელიც უმრავლესობამ კენჭისყრას გამოუცხადა და შემდეგ თვითნებურად კონსტიტუციის დარღვევით ამოიღო საკითხი ნუსხიდან. ამიტომ შალვა პაპუაშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ამ მოწვევის თუ არა შემდეგი მოწვევის პარლამენტში აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია მურუსიძის და სასამართლო “კლანის” დანაშაულების შესასწავლად, ოღონდ ამ კომისიას დაემატება ალბათ როლი, რომელიც ითამადა პაპუაშვილმა, კობახიძემ და დანარჩენმა უმრავლესობამ “კლანის” გამყარებით საქართველოდ ევროპული მომავლის საბოტაჟის მიზნით,”- განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

ჯერ უცნობია როდის მომზადდება საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელი ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივით. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის საჩივრის არ ეშინიათ, რადგან ამ პროცესში თემიდას წინაშე მართლები არიან. მათი ოპონენტების ნაწილს კი თავად საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვს. თუმცა მიიჩნევენ, რომ სამართლისა და სინდისის წინაშე, ყველა კანონიერი გზა უნდა გაიარონ. თავად საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კი პარლამენტის დღისწესრიგიდან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ამოღებულია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend