მთავარისაქართველოჰომოფობიური კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი

ჰომოფობიური კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი

„დასჯადი გახდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირება“ - ითხოვს ჰომოფობიური და პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობა." კანონპროექტი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით ან 25 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს

ჰომოფობიური და პრორუსული პარტიისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლების მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომლითაც ითხოვენ „დასჯადი გახდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირება“, საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სავარაუდოდ ხვალ გაიტანენ. 5 მაისს კი მისი პლენარულ სხდომაზე განხილვაა დაგეგმილი.

კანონპროექტის ავტორები ითხოვენ, აიკრძალოს ყველანაირი შეკრება, სადაც სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირება ან პოპულარიზაცია მოხდება.

კანონპროექტი 2022 წლის 7 დეკემბერს დაარეგისტრირეს პარლამენტში, თუმცა მას ჰქონდა პროცედურული ხარვეზები. ახლა კი როგორც ცნობილია, ეს ხარვეზები გამოასწორეს და კანონპროექტს ხელახლა წარუდგენენ დეპუტატებს.

ლგბტქ+ პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტი, რომელიც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს.

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც „სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირების“ აკრძალვას ითხოვს, დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით ან 25 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონის განმეორებითი დარღვევისთვის სასჯელი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პრორუსული, ძალადობრივი – „კონსერვატიული მოძრაობის“  მიერ 2022 წლის დეკემბერში წარდგენილი კანონპროექტი, პროცედურული ხარვეზების გამოსწორების შემდეგ საქართველოს პარლამენტში განხილვას უახლოეს დღეებში ელის. კანონპროექტში ვკითხულობთ:

“აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას.“

ამ კანონის მიღების აუცილებლობაზე საქართველოს პარლამენტში მედიასთან ბევრი ისაუბრა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას არაფრის მომცემი უწოდა.

„ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“, – ამბობენ საქართველოს მმართველ პარტიაში. ერთ-ერთ არგუმენტად კი იმას ასახელებენ, რომ ეს შესაძლოა რადიკალურმა ძალებმა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს დაირღვეს რომელიმე ჯგუფის ინტერესები თუ უფლებები.

რუსული ნარატივი და ანტიდასავლური კამპანია, ასე შეაფასეს ოპოზიციაში „კონსერვატიული მოძრაობისა“ და „ალტინფოს“ ინიციატივა.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, მსგავსი კანონის მიღება, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას შეუქმნის საფრთხეს.

`აზრისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო” – საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 17.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend