პოლონეთის ჩრდილოეთში ვიზიტისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთისა და კალინინგრადის ანკლავის საზღვრის მთელ პერიმეტრზე უსაფრთხოების სისტემა შეიქმნება. აიგება როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული სახის ზღუდეები. საზღვარზე რამდენიმე ახალი სამხედრო ქვედანაყოფი, უახლესი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება განთავსდება. გაძლიერდება ყველა სამსახურის პირადი შემადგენლობა. მატეუშ მორავეცკის თქმით, მუშაობის პროცესი უკვე დაწყებულია.
მიმდინარე კვირას პოლონეთის ტყეში იპოვეს სამხედრო დანიშნულების ნივთი, რომელიც პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოცდის შედეგად ჩამოვარდა. ამ ინფორმაციამ პოლონელები დაამშვიდა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ობიექტი ასობით კილომეტრის მოშორებით, რუსეთის კალინინგრადის ანკლავის, უკრაინის ან ბელარუსის საზღვრებს მიღმა იყო ნასროლი.