სუდანში ქვეყნის რეგულარულ არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის გრძელდება ბრძოლები. ბოლო ინფორმაციით, შეტაკებებს 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, უამრავი ადამიანი კი დევნილად იქცა. მოქალაქეების უმეტესობა ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გადავიდა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თავისი წარმომადგენელი ჰუმანიტარულ საკითხებში სუდანში გაგზავნა. მძიმე ვითარებაა საავადმყოფოებში, სადაც ტექნიკის, მედიკამენტებისა და პერსონალის დეფიციტია.
სამედიცინო სექტორში არსებულ მდგომარეობას ჯანმოშიც გამოეხმაურნენ.
ჯანმოს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონული დირექტორის აჰმედ ალ-მანდარის თქმით, სუდანში ჯანდაცვის სისტემა უკვე მრავალი წელია რთულ მდგომარეობაშია. ამჟამად კი კრიზისი კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. პრობლემებია სხვადასხვა საავადმყოფოსა და ჯანმრთელობის ცენტრებში.
მსოფლიოს ქვეყნები კი სუდანიდან თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობენ. ბოლო ინფორმაციით, სამხედრო გემით სუდანი უკვე დატოვა 300-ამდე ამერიკელმა, რომლებიც ხარტუმიდან სუდანის პორტამდე ავტობუსით ჩაიყვანეს. მათ საბრძოლო დრონებით იცავდნენ.