საფრანგეთში პროფკავშირების წარმომადგენლები პირველი მაისის დემონსტრაციებისთვის ემზადებიან. ემანუელ მაკრონის მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული რამდენიმეთვიანი პროტესტი ჯერ კიდევ არ მინელებულა.
პროფკავშირების ტრადიციული საპირველმაისო გამოსვლები, დიდი ალბათობით, პროტესტის შემდგომი განვითარების წინაპირობა იქნება. პროფკავშირებში ელიან, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი გამოვა.
პორტუგალიაშიც უკვე რამდენიმე თვეა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება. მოსალოდნელია, რომ პირველ მაისსაც მოეწყობა მსგავსი დემონსტრაციები. ქვეყანაში აქციებს მართავენ მასწავლებლებიც, რომლებიც შესაფერის ანაზღაურებას ითხოვენ. საპროტესტო აქციების საბაბი უძრავი ქონების ბაზარზე მზარდი ფასები და გაძვირებული ცხოვრება გახდა.
საბერძნეთშიც თებერვლის ბოლოს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ დემონსტრაციები პერმანენტულად იმართება. ინციდენტმა საჯარო სერვისებში გამოავლინა არსებული პრობლემები, რომლებშიც მოსახლეობა მთავრობას ადანაშაულებს. ამჟამად აქციების ორგანიზატორები სტუდენტები არიან.