ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით გადასახლებას გენოციდად აფასებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე დაიწყო მათი ბავშვთა სახლებიდან და შესაბამისი დაწესებულებებიდან თავის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაყვანა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ დოკუმენტის მიღება რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის პირველი აღიარებაა საერთაშორისო დონეზე. ეს ორგანიზაცია კონტინენტის სახელმწიფოებს აერთიანებს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით უფრო მარტივი იქნება, რომ უკრაინის წინააღმდეგ გენოციდისა და გენოციდური პოლიტიკის გატარების გამო რუსეთი და მისი ოფიციალური პირები, მათ შორის ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური, პასუხისგებაში მიეცნენ.
უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 16 000-ზე მეტი ბავშვის იძულებით გადასახლებაში ადანაშაულებენ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა ბავშვების იძულებით გადაადგილების ბრალდებით, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს. მოსკოვში აცხადებენ, რომ მათი მიზანი არა ბავშვების გადასახლება, არამედ მათი დაცვა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანაა.