მთავარისაქართველოამერიკელი სენატორის განცხადებას საქართველოში პოლიტიკოსები აფასებენ

ამერიკელი სენატორის განცხადებას საქართველოში პოლიტიკოსები აფასებენ

„საქართველოში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს“, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. შაჰინს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ მზარდად მიდის.

ამერიკელი სენატორის სიტყვები გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პარტნიორების მხრიდან ასეთი გზავნილები არის მძიმე შეფასება და გაფრთხილება. მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ რომ დასავლეთს აცხადებს მტრად და რუსეთს ეკონომიკურ პარტნიორად, ამას კარგად ხედავენ ამერიკაშიც, ბრიტანეთსა და მთლიანად ევროპაში.

ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის შეფასებებს არ ეთანხმებიან მმართველ პარტიაში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დღეს საქართველო ისეთი დემოკრატიულია, როგორც არასდროს.

სხდომა, სადაც საქართველოს შესახებ ერთადერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები.

სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend