მთავარისაქართველოაგვისტოს ომის საქმე: სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

აგვისტოს ომის საქმე: სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 129 მილიონ 827 ათას 500 ევროს გადახდა დააკისრა. საქმე შეეხება ომის დროს ე.წ. „ბუფერული ზონების“ ქართულ სოფლებში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას.

დანაშაულთა ჩამონათვალი მოიცავს სეპარატისული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, მათი სახლების გადაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას.

სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ რუსეთს 2 697 500 ევროს მომდევნო სამ თვეში გადახდა დაეკისრა სულ მცირე, 166 დაზარალებულისთვის მიყენებული არამატერიალური ზიანის გამო. ეს გულისხმობს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, უკანონო დაკავებებს, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფებში ხდებოდა, 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში

ასევე რუსეთს დაეკისრა საქართველოსთვის მომდევნო სამ თვეში 640 000 ევროს გადახდა სულ მცირე 16 დაზარალებულის გამო, რომლებსაც ზიანი მიადგათ ცხინვალის სეპარატისტული ძალების მიერ ქართველი ომის ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად.

გარდა ამისა, რუსეთს დაეკისრა, სულ მცირე 23 000 დაზარალებულისთვის,  115 000 000 ევროს გადახდა მომდევნო სამ თვეში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მათთვის, ვინც საკუთარი სახლებიდან დევნილია და შესაძლებლობა არ ეძლევა უკან დაბრუნების.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთს ასევე დაეკისრა საქართველოსთვის მომდევნო სამ თვეში 8 240 000 ევროს გადახდა იმ ზარალის გამო, რაც სულ მცირე 412 ადამიანს მიადგა, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ომის აქტიური ფაზის პერიოდის სიკვდილის შემთხვევების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად.

როგორც დოკუმენტში წერია, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ძირითადი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს გამოიტანა და რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა. სამართლიანი კომპენსაციის მუხლთან დაკავშირებით კი სასამართლომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებისთვის მზად არ იყო და განხილვა გადაავადა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროც გამოეხმაურა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 2008 წლის ომის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში, რის თაობაზეც საზოგადოება მუდმივად იქნება ინფორმირებული.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend