“30 კითხვა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს” – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ შეიმუშავა და რომლის შესახებაც ეკონომიკის ექსპერტებმა იმსჯელეს. განხილვის მთავარ მიზანს, როგორც ამ 30 კითხვაზე პასუხის მიღება, ასევე ამ კითხვების ირგვლივ დისკუსიის დაწყება წარმოადგენდა.
- რატომ გადაინაცვლა საქართველომ 2023 წელს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 35-ე ადგილზე, მაშინ როცა ის 2012 წელს 21 ადგილზე იყო;
- როგორ მივაღწევთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას შრომის პროდუქტიულობის გაზრდის გარეშე;
- რატომაა არაფორმალური ეკონომიკის მაღალი დონე საქართველოში;
ამ და კიდევ 27 კითხვაზე პასუხის მოძებნა დღეს, 28 აპრილს ეკონომიკის სფეროში ექსპერტებმა სცადეს.
დისკუსიის ფარგლებში “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” – ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური დღის წესრიგის ყველაზე დიდი გამოწვევები განიხილა.
პრეზენტაციაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებიც მიიწვია, თუმცა ისინი შეხვედრას არ დასწრებიან.
ანანო ღუდუშაური