ფრანგული მხარის ინფორმაციით, რთული სამაშველო ოპერაციის შედეგად სუდანიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
პირველი სამაშველო ოპერაციის დროს სუდანი საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და რამდენიმე აფრიკული ქვეყნის მოქალაქეებმა დატოვეს.
სამაშველო ოპერაციას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი გამოეხმაურა. მისი თქმით, მოქალაქეებთან ერთად ახლა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან.
მოწოდებული ინფორმაციით, მათ უკვე დატოვეს სუდანის საჰაერო სივრცე და მიემართებიან კვიპროსისკენ, საიდანაც შემდეგ ბრიტანეთში გაემგზავრებიან თვითმფრინავით.
ბენ უოლასი ვარაუდობს, რომ ისინი უკვე გამოსცდნენ სახიფათო ზონას. მან ასევე დასძინა, რომ ამას ვერ შეძლებდნენ ამერიკელებისა და ფრანგების გარეშე, რომლებთან ერთადაც დაიგეგმა ეს ოპერაცია.
ხარტუმში კი მეცხრე დღეა, სროლის ხმა ისმის. ბოლო ინფორმაციით, სუდანის არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა 420-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის 264 მშვიდობიანი მოქალაქეა. როგორც ცნობილია, შეტაკებების დროს დაიჭრა 3700-ზე მეტი პირი.