მთავარისაქართველომიუსაფარ კატებზე მზრუნველი გოგო უკრაინიდან

მიუსაფარ კატებზე მზრუნველი გოგო უკრაინიდან

მარინა კოტი თბილისის ქუჩებში მიუსაფარ კატებს ყოველდღიურად კვებავს. მარინა უკრაინიდანაა, ის კიევიდან ომს გამოექცა და მას შემდეგ,  ყოველდღიურად დაახლოებით 15 კატას კვებავს, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე კატები ვეტერინართან მიჰყავს და მათ გადარჩენას ცდილობს.

„კატების მიმართ სიყვარული პატარაობიდან მაქვს, ბავშვობიდან ვაღმერთებ მათ, ყოველთვის მიმყავდა სახლში და ვაჭმევდი ხოლმე.

ჩემ მეგობარ ბიჭთან ერთად ყოველდღე ვაჭმევთ კატებს, დაახლოებით 15-მდე კატას ვკვებავთ. ხანდახან დღეში ორჯერაც.

საქართველოდან თუ სადღაც მივემგზავრებით, ვყიდულობთ საკვებს, მათ ვუტოვებთ ვინც იმ ეზოში ცხოვრობს სადაც ეს კატები და ისინი აჭმევენ. შემდეგ ფოტოებს გვიგზავნიან და ამ ხერხით ვქმნით ჩვენს ალგორითმს, რომ ისინი ყოველთვის დანაყრებულები იყვნენ.

ვფიქრობ, რომ მიუსაფარი კატების პრობლემა თბილისში მწვავედ დგას, აქ კატების პოპულაცია მართლაც ძალიან მაღალია. უმეტეს შემთხვევაში მათ არ უტარებენ სტერილიზაცია/კასტრაციას, რის გამოც ისინი მრავლდებიან და სამწუხაროდ, არ არის შესაბამისი პირობები, რომ მათთვის კარგი ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი.

შემთხვევით აღმოვაჩენთ ხოლმე. მაგალითად ამ ეზოს ჩავუარეთ ერთხელ, დავუძახეთ და გამოირბინა დაახლოებით ათმა კატამ, ყველა მათგანი გამოვკვებეთ და ამის შემდეგ ამის კეთება რეგულარულად დავიწყეთ.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ვიპოვით ავადმყოფ კატას, რთულ მდგომარეობაში, მიგვყავს ვეტერინართან, ვმკურნალობთ, სახლში ვიტოვებთ რაღაც პერიოდი, ვიდრე გამოჯანმრთელდება  და მერე ისევ ვაბრუნებთ ეზოში, რადგან თვითონ ითხოვს და შემდეგ უკვე ვკვებავთ როგორც სხვა კატებს. თუ ვერ ვასწრებთ, ვურეკავთ ჩვენს ნაცნობებს და ვთხოვთ, რომ აჭამონ.

ვიდრე თბილისში ჩამოვიდოდით კიევში ვცხოვრობდი, იქაც გვქონდა წერტილები, სადაც კატები მეგულებოდა და რომლებსაც ყოველდღიურად ვკვებავდი.

სადაც არ უნდა ვცხოვრობდე, ყოველთვის ვარ ამ საქმით დაკავებული. ევროპაში თუ ვმოგზაურობთ, თუმცა ევროპაში ისინი ბევრად ნაკლები არიან. ვყიდულობთ და ამ საკვებით დავდივართ ყოველთვის, რომ თუ კი შემთხვევით შევხვდებით კატებს, გვქონდეს შესაძლებლობა რომ გამოვკვებოთ.

ერთ ეზოში სხვადასხვანაირი ადამიანები შეიძლება იყვნენ, ზოგიერთს ასევე უყვარს ცხოველები და თვითონაც კვებავენ დროდადრო, ზოგს კი სამწუხაროდ სურს, რომ კატები წავიდნენ მათი ეზოდან. ვეცადეთ ასეთ ადამიანებთან საუბარს, მაგრამ აზრი არ აქვს, არ უყვარს ადამიანს ცხოველები და არ უნდა რომ მათ ეზოში იცხოვრონ.

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა რომელიღაც ეზოში შევსულვარ, მინახავს კნუტები, ვაჭმევ, ვიცი რომ იქ არიან, მაგრამ მეორე დღეს რომ მოვდივართ აღარ გვხვდებიან ადგილზე. რა მოსდით არ ვიცით სამწუხაროდ.

მყავს ფავორიტი კატებიც, სასკი, მორდასტიკი და ბავშვები. ბავშვებს ამ ეზოს კატებს ვეძახი, მაგრამ ყველა მათგანს ასევე აქვს სახელი, მეკითხებიან როგორ იმახსოვრებ ამდენ სახელსო. არ ვიცი, უბრალოდ ვიმახსოვრებ, იმიტომ, რომ ისინი მიყვარს.

ზოგიერთი კატა მაშინვე მცნობს, როგორც კი დამინახავს, ხვდებიან, რომ მე ვარ და ჩემსკენ გამორბიან.

არის ერთი კატა, რომელიც საერთოდ ვერ მცნობს გარეგნობით, შემიძლია მას ჩავუარო და ვერ მიხვდება რომ მე ვარ, მაგრამ როგორც კი კონკრეტულ სიტყვას ვიტყვი, გარკვეული ინტონაციით, ეს კატა მომენტალურად გამორბის ჩემსკენ.

არიან კატები, როგორც ამ ეზოში მაგალითად, მე მათ „ბავშვებს“ ვეძახი, თუ კი ერთ-ერთი მათგანი დაინახავს, რომ ჩავუარე, მაშინვე მორბიან ჩემთან, კიდევ თუ რამეს ვიტყვი ათივე იკრიბება და საჭმელს მთხოვენ, ძალიან სახალისო სანახავია გვერდიდან.

არ დავიღლები, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც სამსახური, რომელიც არ მოგწონს, ეს არის ის საქმიანობა, რომელიც მიყვარს, ამისგან სიამოვნებას ვიღებ. მართალია, ეს მოითხოვს გარკვეულ რესურსებს, მაგრამ თავს ვართმევ და ეს სიამოვნებას მანიჭებს, ყოველთვის მიხარია ამ საქმის კეთება, სადაც უნდა ვიყო დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ხდება ხოლმე, რომ ღამით სახლთან მოსულა კატა, დაუკნავლია ხმამაღლა, გამოვდივარ და ვაჭმევ, უბრალოდ იმიტომ, რომ მიყვარს ეს კატა“, – გვიყვება მარინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend