საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხი, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, მმართველი პარტიის მყარი პოლიტიკური პოზიციით, გასული კვირის სამ სხდომაზე სამჯერ ჩავარდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მონაწილეობა არ მიიღეს პროცესში, რომლითაც სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციული ფაქტები უნდა დადგენილიყო. მმართველი პარტიის დეპუტატები ამას იმით ხსნიან, რომ სასამართლოში არ უნდა მოხდეს ჩარევა, რადგან ის თაvისუფალია და პოლიტიკური ზეწოლა დაუშვებელია. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ყველა უნდა შეეგუოს ისეთ მოსამართლეებს, როგორებიც გვყავს – კარგები არიან ისინი, თუ ცუდები.
“ჩვენი ამოცანა არის, რომ დავიცვათ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევისა თუ ზეწოლისგან. იმის მიუხედავად, რომ იქ ცალკეული მოსამართლეები მოგვწონს თუ არა. კარგები არიან თუ ცუდები არიან ისინი, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ ისინი უვადოდ არიან დანიშნული. შესაბამისად სასამართლო თავად წყვეტს მათი დანიშვნა-გაშვების საკითხს. რადგანაც სასამართლო ხელისუფლება არ იღებს მათი გაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, ამას უნდა შევეგუოთ სრულიად საზოგადობა და მათ შორის პოლიტიკოსები. ოპოზიციას ამ კომისიის შექმნით სურს სასამართლოში უხეში ჩარევი, რის საშუალებასაც არ მივცემთ“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის გარეშე, მმართველმა პარტიამ ამ ქმედებით უკვე აღიარა რომ სასამართლოში კლანია და მას მფარველობს. ამის გარდა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ საზოგადოებამ ოპოზიციის ერთობა კიდევ ერთხელ დაინახა და ისიც, რომ მმართველ პარტიასთან მათი თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულების გამო შეუძლებელია. ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო ზეწოლასთან ერთად, საპროტესტო აქციების იდეით გამოდის.
„როგორც წესი, უმრავლესობაში მყოფი პარტია, რომელიც ხელისუფლებას აყალიბებს, საპარლამენტო ბოიკოტს არ ახდენს. თუმცა, ასეთი პარადოქსიც გვაქვს. მმართველი პარტიის მხრიდან სამდღიანი ბოიკოტირების შედეგად, გამოიკვეთა რა, რომ „ქართული ოცნება“ არის კორუფციაში მხილებული, წინა ხელისუფლებიდან გადმობარებული მოსამართლეების პატრონები. მათ ეშინიათ ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის შექმნის, სადაც გამოჩნდება თუ რამხელა კორუფციის ჭაობია სასამართლოში. კომისიის შექმნის გარეშეც უკვე აშკარაა, რომ კლანს ჰყავს პატრონი „ქართული ოცნების“ სახით და ამაზე მეტი გამოძიებიტ ვერაფერი დადგინდებოდა. ეს იმასაც მოწმობს, რომ იურიდიულად არიან მართველი პარტია, ფაქტობრივად კი გადავიდნენ ოპოზიციაში“, – აცხადებს საგამოძიებო კომისიის შექმნის თანაინიციატორი თეონა აქუბარდია.
შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკის ანალიტიკოსებიც. „რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ გასული კვირის პოლიტიკურმა პროცესებმა ბევრი რამ გახადა აშკარა. მისი თქმით, ძირითადად სახელისუფლებო პარტიის შესახებ.
„გამოჩნდა ის, რომ არანაირი სურვილი და პოლიტიკური ნება ხელისუფლებას არ აქვს ოპოზიციასთან რაიმე ფორმით ნორმალური თანამშრომლობის. აქ საუბარია ელემენტარულ თანამშრომლობაზე. პატივს არ სცემენ უბრალოდ კანონს და კონსტიტუციას, რადგან საგამოძიებო კომისიის შექმნა არის 50 დეპუტატის პრეროგატივა. ასევე გამოჩნდა ის, რომ პირდაპირ არის „ქართული ოცნება“ გადაჯაჭვული „კლანთან“ და ეს არის გადახლართვა ერთმანეთში. ერთი სისტემა არის, ერთი ორგანიზმი. სასამართლო „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არის პოლიტიკური გაგრძელება. ძალიან დიდი ფუნდამენტური რეფორმის გარეშე, ეს სიტუაცია მხოლოდ კოსმეტიკურად შეიცვლება. ზოგადად, ასეთი სახის პრობლემები რომ დაიძლიოს, საჭიროა პოლიტიკური პასუხისმგებლობის განაწილება, რაც მოცემული მმართველობის პირობებში ვერ და არ ხერხდება“, – აცხადებს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, პროცედურულ და იურიდიულ ჩიხშია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ ამ კომისიის შექმნის საკითხი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ დადგა დღისწესრიგში. საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომები რეგლამენტით 2 მაისიდან განახლდება.
ალეკო გვეტაძე