“არქტურუსი” – ასე უწოდეს ომიკრონის ახალ ქვეშტამს, რომელიც კოვიდ-19-ის გავრცელების დაწყებიდან თითქმის 4 წლის შემდეგ გამოჩნდა. ამ ქვევარიანტს მის წინამორბედებზე სწრაფი გავრცელების უნარი აქვს და სწორედ ამის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონიტორინგის ქვეშ მოექცა.
არქტურუსს ისეთი სიმპტომიც ახასიათებს, რომელიც აქამდე, კოვიდ-19-ის არცერთ შტამს არ ჰქონია – თვალებიდან გამონადენი, თვალის სიწითლე და ქავილი.
“არქტურუსი” 2023 წლის იანვარში აღმოაჩინეს. ის ამ დროისთვის 29 ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა ყველაზე მეტად ინდოეთში, ნეპალსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ-კვირაში ახალი ქვეშტამის დაახლოებით 60 000 შემთხვევა დადასტურდა და ეს რიცხვი კიდევ იზრდება.
ეპიდემიოლოგები კოვიდ-19-ის ახალ ტალღას არ ვარაუდობენ, თუმცა 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობასა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს „ბივალენტური ვაქცინის“ ბუსტერ დოზის მიღებას ურჩევენ.
განახლებული, ომიკრონზე მორგებული ბივალენტური ვაქცინის არცერთი დოზა საქართველოში ჯერ არ შემოუტანიათ. ხოლო იმ ვაქცინებს, რომლებიც ქვეყანაშია – ომიკრონის წინააღმდეგ დაცვის მაღალი უნარი არ გააჩნიათ.
საქართველოში “არქტურუსი” ჯერჯერობით არ დადასტურებულა.