გაეროს მონაცემებით, სუდანში სამდღიანი ბრძოლის დროს 185 ადამიანი დაიღუპა და 1800-ზე მეტი დაშავდა. სუდანის არმიაც და სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალები“ აცხადებენ, რომ სუდანის დედაქალაქ ხარტუმში საკვანძო ადგილებს აკონტროლებენ. ხარტუმში ევროკავშირის ელჩს სუდანში აიდან ო’ჰარას საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. ირლანდიელ დიპლომატს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება.
ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ტვიტერზე დაწერა, რომ დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
სუდანელი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმ ადგილის აღებას აღნიშნავენ, რომელიც „სწრაფი რეაგირების ძალებსა“ და ამ დაჯგუფების ლიდერს მოჰამედ ჰამდან დაგლოს ეკავათ.
„ვგმობ სუდანში მიმდინარე ბრძოლებს და მივმართავ სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერებს და „სწრაფი რეაგირების ძალებს“, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, აღადგინონ სიმშვიდე და დაიწყონ დიალოგი კრიზისის მოსაგვარებლად. ვითარებამ უკვე გამოიწვია დიდი მსხვერპლი, დაიღუპა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
საბრძლო მოქმედებების შედაგად დედაქალაქსა და მეზობელ ქალაქ ომდურმანში ყველა საავადმყოფო გადატვირთლია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ბევრ საავადმყოფოში სისხლის გადასხმისთვის საჭირო აღჭურვილობისა და სამედიცინო მარაგის დეფიციტია.