თბილისში ოდესის ქუჩის 6 ნომერში მცხოვრებნი, აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ოღონდ არა ქართველები, არამედ უკრაინელები. ომს გამოქცეულ ათობით უკრაინელს, მათთვის სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარში, საქველმოქმედო პროექტის ხელმძღვანელმა ნინა ასათიანმა შესაღებად კვერცხები მოუტანა.
ამ კვერცხებისთვის ენდროს ძირებითა და ხახვის ნაფრცქვენებით, თავშესაფრის სამზარეულოში შესაღები წითელი სითხე უკვე მომზადებულია. დიდი ქვაბის გარშემო უკრაინელი ბავშვები ქართველი დიასახლისისგან ამ ერთგვარ რიტუალურ პროცესს ეცნობიან და თან კვერცხების შეღებვას სწავლობენ.
ელენა ამ თავშესაფრის პირველი მაცხოვრებელია. გვიყვება, როგორ ხვდებოდნენ მარიუპოლში აღდგომის დღესასწაულს და რა განწყობით ხვდებიან ახლა უკვე აქ, საქართველოში.
„მე მარიუპოლიდან ჩამოვედი და აქ თავშესაფრის გახსნიდანვე ვარ. ათასზე მეტმა უკრაინელმა იცხოვრა ამ ერთი წლის განმავლობაში. ახლა სამ სახლში ასზე მეტნი ვართ. ბევრი უკვე დაბრუნდა უკრაინაში, ნაწილი კი აქ ვრჩებით. სწავლობენ ენას და ერგებიან აქაური ცხოვრების რიტმს. ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველოში ვართ და აქ ვცხოვრობთ.
რაც შეეხება აღდგომას. ჩვენ, ორივე ერი მართლმადიდებელი ვართ და აღნიშვნაც თითქმის საერთო გვაქვს. ჩვენც ვღებავთ წითლად კვერცხებს. გავდივართ ჩვენი მიცვალებულების საფლავებზე და შემდეგ აღვნიშნავთ. ენდროთი ჩვენ არ ვღებავდით კვერცხს, არც ვიცით ეს მცენარე უკრაინაში. ხახვის ნაფრცქვენებს ჩვენც ვიყენებთ. იდეალური ფერის კვერცხი გამოდის.
წელს ვაპირებთ, რომ ქართული საგაზაფხულო კერძი ჩაქაფული მოვამზადოთ და თუ კარგი ამინდი იქნება, ეზოში ქართველები და უკრაინელები ერთად ვიზეიმებთ ამ დღესასწაულს. მომდევნო წელს კი იმედი მაქვს რომ ისე ჩემს ქვეყანაში შევძლებთ სააღდგომო დღესასწაულის აღნიშვნას“, – ამბობს ელენა დეკალიუკი.
ამ თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებსა და ბავშვებს ასაკისგან განსხვავების მიუხედავად, ერთი საერთო ოცნება აქვთ – მალე დაბრუნდნენ უკრაინაში. ბავშვებს კიდევ სხვა ოცნებებიც აქვთ. მაგალითად, სურთ რომ ჰქონდეთ სათამაშო ფლამინგო და ფერიის კაბა.
„ყველაზე მეტად უკრაინაში დაბრუნება მინდა. აქ კარგად ვერთობით, ვთამაშობთ, ვხატავთ. მინდა რომ სათამაშო ფლამინგო მქონდეს. დიდი რომ იყოს. კვერცხების შეღებვა ძალიან მომეწონა. ქართველებით ლამაზი ფერი აქვს“, – ამბობს გოგონა სახელად კატია.
პროექტის ხელმძღვანელი ნინა ამბობს, რომ თავშესაფარში მყოფი მოსახლეობის ძირითადი პირველადი საჭიროებები უზრუნველყოფილია, თუმცა ლტოლვილებს მაინც ბევრი რამ სჭირდებათ. სხვა ქვეყანაში, სახლიდან შორს ყოფნის მიუხედავად, მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნას ცდილობენ.
„რაღაცნაირად დაემთხვა რომ ოდესის ქუჩაზე ვნახეთ და ვიქირავეთ ეს სახლები ამ საქველმოქმედო პროექტისთვის. ჯერ ერთი სახლით დავიწყეთ, თუმცა ლტოლვილთა ნაკადიდან გამომდინარე, კიდევ ორი დავიმატეთ. ათასზ\ე მეტმა უკრაინელმა ისარგებლა ამ თავშესაფრით, რომელსაც ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი ანონიმურად აფინანსებს. ახლა ასზე მეტი მაცხოვრებელი გვყავს და რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ნაკლები სტრესის იყვნენ. ამ სააღდგომოდ იციან რომ საჩუქრებს მიიღებენ და უხარიათ. პოზიტიურ განწყობაზე არიან. ასევე მოვამზადებთ საგაზაფხულო კერძს – ჩაქაფულს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართული ტრადიციები გავაცნოთ“, – აცხადებს ნინა ასათიანი.
ამ თავშესაფარში ადამიანებთან ერთად კატა სონია და ძაღლი სახელად გერა ცხოვრობენ. ყველა ერთიანია და მეგობრული. კვერცხები წითლად შეღებილია. სააღდგომო განწყობაც არის. იმის მიუხედავად, რომ საკუთარი მიცვალებულების საფლავებზე წელს ვერ გავლენ, ზუსტად იციან, რომ ეს დროებითია.
ალეკო გვეტაძე