მთავარისაქართველოპრემიერსა და მოსამართლეებს შორის დახურული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

პრემიერსა და მოსამართლეებს შორის დახურული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელობამ, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი პირი მიიწვია. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაეს სასამართლოში დასანქცირებულ მოსამართლეებს და მათ ხელმძღვანელობას შეხვდა. ორ მმართველ შტოს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე მედიასთან ბრიფინგზე ბევრი არაფერი უთქვამთ. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში მიღებულ გადაწყვეტილებას სიურპრიზი, მიუღებელი და გაუგონარი უწოდა. დასანქცირებული მოსამართლეები ღირსეულ სახელმწიფო მსახურებად შეაფასა და მათ სამთავრობო გუნდის სრული მხარდაჭერაც გამოუცხადა.

„სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევა მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ. ეს იქნება შიდა, მთავრობის მხრიდან ჩარევა, თუ ნებისმიერი სხვა შტოს მხრიდან ჩარევა. რა თქმა უნდა, დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩვენის სასამართლოს შიდა საქმეებში ჩარევა. კიდევ ერთხელ მინდა, მოსამართლეების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა დავადასტურო. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, აბსოლუტურად, როგორც იტყვიან დღესავით ნათელი გახდა, ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა. მე მოსამართლეებისგან ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე. ეს გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყოველთვის მზად ვარ, რომ მოსამართლეებისგან ინფორმაცია მოვისმინო, მათი წუხილები გავიზიარო და ამის შემდეგ, ჩვენ ერთად დაგვეგმოთ, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის მოგვარება. არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ განაცხადა, რომ პრემიერთან გარე ჩარევებისგან დაცვასა და მთავრობის შესაბამისი უწყებების დროულ რეაგირებაზე ისაუბრეს. შეერთებული შტატებისგან კი მტკიცებულებებს ითხოვენ. მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას აშშ შეცდა და პარტნიორ ქვეყანას მოუწოდებს, რომ უკან წაიღოს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება.

“დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ჩვენ პრემიერსაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. ძალიან სამწუხაროა, რომ მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა და არის ამის მცდელობა, გადმოინაცვლოს სასამართლოში. სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო და გაუგონარი გადაწყვეტილება, რაც მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ სამი მოქმედი უვადო მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობაზე. პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არა თუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი და მინიშნებები, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი, ამიტომ მე მათ სრულ თანადგომას ვუცხადებ. ვფიქრობ, რომ დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც მე ვითხოვ უკუგებას მათგან, ამიტომ შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, თუმცა ვთვლი, რომ შეცდომის აღიარება ეს არის მხოლოდ ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ შესაბამისი თანამდებობის, ან უწყებების მხრიდან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

შეხვედრის შესახებ მედიასთან განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა დასანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ. მან უსაფუძვლო უწოდა სანქცირების გადაწყვეტილებას და შეერთებული შტატების საელჩო, ქართულ მართლმსაჯულებაში უხეშ ჩარევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული ტელევიზიების მართვაში დაადანაშაულა.

„თუ ამერიკის საელჩოს აქვს სურვილი, სასამართლო სისტემას გვერდში დაუდგეს, „ფეიქ“ გადაცემებს რატომ აფინანსებს? მე მაქვს ინფორმაციები, რომ ისინი აფინანსებენ და ახალისებენ ასეთ თემებს.

რადგან ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური პირი გამოვიდა და მოსამართლეებს სანქციები დაუწესა, ჩვენ ამაზე რეაგირების საშუალება არ გვქონია, ამიტომ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩავაყენეთ საქმის კურსში.

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ შვიდად იყვნენ. არავინაა მძიმე მდგომარეობაში. არ გვეშინია არაფრის. ეგონათ, რომ თუ კორუფციის იარლიყს მოგვაკრავდნენ, თავს ჩავღუნავდით და ვერ გავბედავდით, ხმამაღლა გველაპარაკა. მიგვაჩნია, რომ მართლები ვართ და ამიტომ საბრძოლველადაც მზად ვართ. სასამართლო, ეს არის ხელისუფლება, რომლის საქმეშიც არავინ უნდა ჩაერიოს. სანქციები არის გზავნილი, რომ თუ მოსამართლეები ამერიკისა და მისი საელჩოსთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, აშშ მათზე ზეწოლას განახორციელებს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის 5 აპრილს, სავიზო შეზღუდვა დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. სანქცია მათი ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. საქართველოსთან მიმართებაში, პირველი პერსონალური სანციის მიზეზად, პარტნიორი ქვეყანა ამ მოსამართლეების კორიმპირებულ საქმიანობას ასახელებს. მიზანი კი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქართული სასამართლოს გაწმენდა და გაჯანსაღებაა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend