ემანუელ მაკრონისა და ურსულა ფონ დერ ლეიენის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამ დღეს გასტანს.
საფრანგეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები პეკინში 50 – ზე მეტი მეწარმისგან შემდგარი დელეგაციით ჩავიდნენ. მიუხედავად ამისა, ვიზიტის ამოსავალი წერტილი უკრაინაში მიმდინარე ომი და არა ეკონომიკური მიმართულებაა.
პეკინს რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით ოფიციალურად ნეიტრალური პოზიცია უჭირავს, მაგრამ ამავე დროს კრემლს ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ზურგს უმაგრებს.
„საერთაშორისო არენაზე ქაოტური ცვლილებების მოწმენი ვართ, როგორც თქვენი ასევე ჩვენი ძალისხმევის შედეგად ჩვენს შორის ურთიერთობებმა დადებითი ხასიათი და განვითარების პერსპექტივა შეინარჩუნა. სტრატეგიული კომუნიკაცია არასოდეს შეწყვეტილა და ეს მისასალმებელია“, – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, კი მას იმედი აქვს, რომ პეკინი უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა საერთაშორისო მშვიდობას დიდი ზიანი მიაყენა.
„ჩვენ კარგად ვუწყით, რომ თქვენ გაერთიანებული ერების დამფუძნებელი ქარტიის დებულებებს პატივს სცემთ, სწორედ ეს დებულებები განსაზღვრავენ დედამიწაზე მშვიდობასა და სტაბილურობას. უკრაინაში რუსულმა სამხედრო აგრესიამ მშვიდობას დიდი ზიანი მიაყენა, ათწლეულების განმავლობაში შექმნილი ევროპული მშვიდობის არქიტექტურა მოშლილია და სამშვიდობო პროცესის დაწყება აუცილებელი და გადაუდებელი მოცემულობაა“, – მიიჩნევს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ევროკავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ორივე მხარისთვის გამოწვევად რჩება.