მთავარისაქართველორა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა მოსამართლეების სანქცირებას

რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა მოსამართლეების სანქცირებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისგან მეტ ახსნა-განმარტებას ითხოვს.

“ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არავის არაფერში არ წაადგება, როცა სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. აქედან გამომდინარე გვექნება კომუნიკაცია, რა თქმა უნდა ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა მიწოდებული ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე. ამ კომუნიკაციის შედეგად გვაქვს ბევრი სხვადასხვა მექანიზმი იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ცხადი ხალხისთვის. უსამართლობა არის მძიმე რამ, როცა ადამიანს რაღაც არ აქვს ჩადენილი, ბრალი წარუდგინო, ამიტომ რასთან გვაქვს საქმე ყველას გვაინტერესებს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, არსებობს ბევრი სხვადასხვა ფორმატი კომუნიკაციის. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი იყოს საჯარო და ნათელი, რომ რაიმე სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

„ხალხის ძალის“ პოლიტიკა გაგრძელდება, რათა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს, რა უსამართლო პოლიტიკასაც აშშ არამხოლოდ საქართველოს მიმართ ატარებს – „ხალხის ძალის“ განცხადებების ძალიან ნათელი დადასტურებაა, რაც ისრაელის ხელისუფლებამ თავისსავე პარტნიორ აშშ-ს უთხრა, რომ ისრაელის სუვერენულ უფლებებში ნუ ჩაერევა, თუ როგორ ჩაატაროს მართლმსაჯულების რეფორმა. ასევე უთხრა აშშ-ს ნატოს წევრმა თურქეთმა, როცა ამერიკის საელჩოს პირდაპირ კარი დაუხურა. ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს დიდი სახელმწიფოები ადასტურებენ, რომელიც აშშ-სთან ურთიერთობენ! აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა. პირდაპირ ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ის ადამიანები არ ინიშნებიან, ვისზეც ჩვენ ვამბობთ, არ ნიშნავთ მოსამართლეებს ვისზეც ჩვენ გეუბნებით, ხოლო მოსამართლეები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც აშშ-ს საელჩოს არ მოსწონს. ამიტომ დასანქცირდნენ მოსამართლეები! ამ გზავნილით ისინი საქართველოს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და შემდგარ ქვეყანას ვერ ხედავენ. ადრე ფორმალურად მაინც ამბობდნენ, რომ ქართულ სახელმწიფო სუვერენულია და მას პატივს სცემენ – ახლა სიტყვა „სუვერენიტეტსაც“ აღარ ამბობენ. ამბობენ, რომ დემოკრატია ჩვენ ვართ და რასაც ჩვენ ვიტყვით, სიმართლე ის არის“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია შეერთებულ შტატებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. ამ გადაწყვეტილებას კი ქართული მართლმსაჯულების გაჯანსაღების მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.

„აშშ-ის გადაწყვეტილება არის გზავნილი „ქართული ოცნების“ მატყუარა პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიღებული სასამართლო სისტემა და კლანი არათუ არ გაეშვა სახლში, არამედ შეერემონტებინა, გაეძლიერებინებინა და უვადოდ მიესაჯა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტიპის გუნდი არ შეიძლება მართავდეს სახელმწიფოს, იმიტომ, რომ არაფერი მათ არ გამოსდით“, – განაცხადა დეპუტატმა პარტია „ლელო“-დან ანა ნაცვლიშვილმა.

შეფასებების გარდა, საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივად მიმართავს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რათა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც უკვე დაინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ.

„ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და უკვე რეგისტრირებული კომისია შევქმნათ. საგამოძიებო კომისია რეგისტრირებულია და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მისი კენჭისყრა. როგორც აღინიშნა, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია არის გაერთიანებული და მივმართავთ პრეზიდენტს, ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა მომავალი კვირის უახლოეს დღეებში, რათა რეგისტრირებული საგამოძიებო კომისია კენჭისყრაზე დადგეს“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადება გააკეთა დასანქცირებული პირებიდან ერთ-ერთმა. უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ კორუფციული ბრალდებები უარყო და შეერთებული შტატების საელჩო, ქართული მართლმსაჯულების მიტაცებაში დაადანაშაულა.

„ეს წლების განმავლობაში გრძელდება. რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. დასაწყისში მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნულ შედეგს ვერ მიაღწიეს, ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, აშშ-ის საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, რომ სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, როდესაც კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ამასაც ნახავს. დაასანქცირეს ოჯახის წევრები. რეალურად, ახლა ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან. ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც მიმაჩნია, რომ წარმოუდგენელია. შესაბამისად, ცდილობდა მისი გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდგომ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო სასამართლო სისტემაში დაპირისპირება“,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციის მიხედვით, ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ვალერიან ცერცვაძესა და ირაკლი შენგელიას, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend