15 წელი გადის აგვისტოს ომიდან და საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო მეტს ლაპარაკობს ამ ომზე. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციის სისასტიკეზე დღეს ხედვები, მეტად ნათელია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აგვისტოს ომის საქმის გამოძიება ცოტა ხნის წინ დაასრულა და პროკურორმა დაკავების ორდერებიც გასცა. თუმცა, სამართლის აღსრულებამდე ვერ მოიცდიდნენ დაზარალებულები…ისინი, ვინც 2008 წლის მოვლენების დროს დაკარგა ახლობელი ადამიანები, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და დღემდე ვერ ბრუნდება სახლში… ამიტომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდი საქართველოს მხარდაჭერის პროგრამას იწყებს. ამ ფონდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ფაქტორი, რომ 2008 წლის მოვლენების გამოძიება უკვე დასრულებულია, საქართველოში მათი მისიის დაწყების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იყო.
პირველ ეტაპზე მთავარი მისია 500 ადამიანის დახმარებაა, რომლებიც ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრობენ.
პროგრამა მოიცავს 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულთა სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, კონსულტაციების გაწევას, საარსებო პირობების გაუმჯობესებას. ამ საქმისთვის საერთაშორისო ფონდი ორ ადგილობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
დაზარალებულებთან იმუშავებენ: „საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში- თბილისი“. ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი დროა გასული, დაზარალებულთა დახმარება საჭირო და აუცილებელია.
საქართველო იქნება პირველი ქვეყანა აფრიკის კონტინენტის გარეთ, სადაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის პროგრამა ამოქმედდება. აქამდე მსგავსი მისიები მუშაობდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოში და ჩრდილოეთ უგანდაში. იქ, სადაც ომის დანაშაულები მოხდა, სადაც ადგილი ჰქონდა სექსუალურ, გენდერული ნიშნით გენოციდს და სხვა უპატიებელ დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამ ქვეყნებშიც უკვე დასრულებული აქვს გამოძიება. ჰააგის პროკურატურა ასევე იძიებს უკრაინაში მიმდინარე ომის დანაშაულებს იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს და დაისაჯონ დამნაშავეები, რომელთა შორისაც ოდესმე შესაძლოა იყოს ვლადიმერ პუტინიც, რომლის დაკავების ორდერიც ჰააგის პროკურორმა კარიმ ხანმა უკვე გასცა.
უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება და იქ ჯერჯერობით არ მუშაობს დაზარალებულთა ნდობის ფონდი.
ორგანიზაცია, რომელიც რომის სტატუსის მიხედვით, თავად სასამართლოსთან ერთად შეიქმნა და რომლის მიზანიც იმ ადამიანების გასაჭირის შემსუბუქებაა, რომლებიც უსამართლო რეალობაში ყველაზე მეტად დაზარალდნენ და ვერ მოიცდიან სამართლის აღსრულებამდე.
სოფო მაქაცარია