რატომ დაუწესა ევროკავშირმა საქართველოს 12 რეკომენდაცია წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ და როგორ აქვთ აღქმული მათი შესრულების საჭიროება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. რის გამო უნდა შესრულდეს ეს პუნქტები – ევროკავშირის სურვილის დასაკმაყოფილებლად თუ საქართველოში დემოკრატიის შენებისთვის. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, გააზრებულად იციან, რომ რეკომენდაციების შესრულება ქვეყნისთვის არის აუცილებელი.
„რა თქმა უნდა ევროპული რეფორმები სჭირდება ქვეყანას, სჭირდება მთლიანად საზოგადოებას, იმისთვის რომ უფრო დემოკრატიულ გარემოში ვიცხოვროთ. რადგან ევროკავშირისგან მივიღეთ 12 რეკომენდაცია, ჩვენ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს და ჩვენი საზოგადოების ევროპულ არჩევანს. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მაქსიმალურად ამოვწუროთ შესასრულებელი ამოცანები. ამ გზაზე მთავარი პრობლემა არის დეპოლარიზაციის მიღწევა. ანუ რადიკალური ოპოზიციის ქცევა და მათი საბოტაჟი 12 პუნქტის შესრულების მიმართ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ დეპუტატებსაც მიაჩნიათ, რომ რეკომენდაციების შესრულებით, საქართველომ ევროკავშირს უნდა აჩვენოს რომ მის ღირებულებებს იზიარებს და ამ მოთხოვნების შესრულება სასურველიცაა და აუცილებელიც. მართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს საქვეყნო ისტორიული საკითხია და არა პარტიული.
„თავისუფალი სასამართლო, მიუკერძოებელი საარჩევნო სისტემა, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფა სჭირდება ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში და არა ევროკავშირს. ეს 12 პუნქტი აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. არა რომელიმე პარტიისთვის, ან სუბიექტისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. იმიტომ რომ სტატუსი ენიჭება სახელმწიფოს და არა პარტიას“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
ანალიტიკოსების აზრით, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ რეკომენდაციების შესრულების მიზანი კარგად იციან, მათ დამატებით საკუთარი პარტიულ-პრივატული ინტერესები აქვთ. „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის“ კახა გოგოლაშვილის აზრით, სწორედ ეს ფაქტორი უშლით ხელს პოლიტიკურ ძალებს ორივე მხრიდან, საერთო ეროვნული მიზნისკენ გაერთიანდნენ და რეკომენდაციები სწრაფად შეასრულონ. ამ გამოწვევის გადალახვის მთავარ ბერკეტად კი საზოგადოების ფხიზლად ყოფნას მიიჩნევს.
„ეს 12 პუნქტი გვჭირდება პირველ რიგში ჩვენ, როგორც ქვეყანას. იმისთვის რომ გავაგრძელოთ ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულად, ევროპული ღირებულებებით მშენებლობა. ევროკავშირს კი სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში დაინახოს ის ქვეყანა, რომელიც მზად არის მან მიიღოს წევრობის კანდიდატის სტატუსი. მეტში არაფერში სჭირდება ევროკავშირს, რომ ჩვენ შევასრულოთ ეს რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციებში არაფერია ისეთი, რაც ჩვენს დემოკრატიას და აქვეყანას არ სჭირდება. ის არ არის საერთო მიზნების კონტექსტიდან ამოვარდნილი, რომ ვიფიქროთ და ვთქვათ, ევროკავშირს არსაიდან გაუჩნდა სურვილი ეს რეკომენდაციები მოეცა ჩვენთვის. ქვეყნის ევროპული დემოკრატიის შესაბამისად მშენებლობა ნამდვილად არ არის მარტივი და ჩვენ ახლა ამ პროცესში ვართ, რომლის დაჩქარებას, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. ამაში ჩვენ მარტო არ ვართ და ევროკავშირიც მნიშვნელოვნად გვეხმარება. ამას ძალიან ბევრი წინააღმდეგობა აქვს და ბევრი ძალა ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ. პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი ინტერესებიც აქვთ. მაგალითად ხელისუფლებას, რომელსაც 2024 წლის არჩევნებშიც სურს გამარჯვება და ძალაუფლების შენარჩუნება. ალბათ რომელიმე პუნქტი 12-დან, საფრთხის შემცველად მიაჩნიათ ამ მიზნის მისაღწევად. ამის გადალახვის მთავარი ბერკეტი არის საოზგადოების ხელში. რომ იყოს ფრთხილად და აქტიურად. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ხალხი საკმაოდ აქტიურია. როგორც კი შეამჩნევს, რომ ევროპის კურსიდან გადახრა ხდება, მაშინვე ითხოვს პარტიებისგან, რომ დაუბრუნდნენ არჩეულ გზას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
სამოქალაქო სექტორის დაკვირვებით, სასურველია, არასასურველი თუ აუცილებელი პარტიებისთვის რეკომენდაციების შესრულება, ეს მათი ინდივიდუალური გადასაწყვეტია. თუმცა, საერთო შედეგი ქვეყანაზე აისახება, რომელიც დაახლოებით 6 თვეში აჩვენებს, რჩება თუ არა ევროპულ ვექტორზე.
ალეკო გვეტაძე