მთავარისაქართველორატომ მცირდება მოსახლეობა საქართველოში

რატომ მცირდება მოსახლეობა საქართველოში

2022 წელს საქართველოში 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობის კლების ტენდენცია საქართველოში უკვე წლებია შეიმჩნევა.

გაეროს მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული პროგნოზით, 2020 წლიდან 2050 წლამდე საქართველოს მოსახლეობა, შესაძლოა, 11 პროცენტით შემცირდეს.

ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში შობადობის კოეფიციენტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ქალებს საშუალოდ უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.

გაეროს მოსახლეობის ფონდში ამბობენ, რომ მოსახლეობის კლების გამომწვევი მთავარი მიზეზი ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობის შემცირებაა, რაც პირველ რიგში მიგრაციით და, ასევე, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკითაა განპირობებული.

“რასაც ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ ესაა ცოცხალშობილთა რაოდენობის შემცირება მაგრამ არა იმიტომ, რომ ქალები ნაკლებ შვილებს აჩენენ, რადგანაც შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში, დაახლოებით 2,1 მეათედია. არამედ იმის გამო, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობაა შემცირებული. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩვენს ქვეყანაში ფართოდ იყო გავრცელებული პრაქტიკა, რომელსაც ჰქვია გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა. ამის გამო საქართველოში არ დაიბადა, შეფასებითი მონაცემებით, დაახლოებით 33 ათასი ქალი. გარდა ამისა, საქართველოდან ძალიან მაღალი იყო ემიგრაციის მაჩვენებელი და ამ ბოლო დროსაც ძალიან მოიმატა როგორც ანეკდოტური მონაცემები გვაჩვენებს. ემიგრაციაში ძირითადად მიდიან რეპროდუქციული ასაკის ადამიანები”, — აცხადებს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

მოსახლეობის რაოდენობაზე უარყოფითად აისახება გენდერული უთანასწორობაც, მაგალითად ქალებს ხშირად არჩევანის გაკეთება უწევთ შვილების ყოლასა და სამსახურს შორის, აუნაზღაურებელი შრომის ტვირთიც ხშირად ქალებზე მოდის.

“ამ არჩევანის წინაშე ძალიან რთულია დგომა, აუცილებლად უნდა არსებობდეს პირობები რის გამოც, აღმოიფხვრება უთანასწორობა ოჯახში და მეუღლეები თანაბრად გაინაწილებენ აუნაზღაურებელი ზრუნვის ტვირთს, რათა ეს მარტო ქალს არ დააწვეს, მეორე არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტრუქტურული დახმარება მომუშავე მშობლებისთვის, რომ არსებობდეს ხარისხიან ბავშვის ზრუნვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც რა თქმა უნდა გაზრდის მოტივაციას, რომ იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენიც მათ უნდათ, რადგანაც სახელმწიფო მათ ეხიდება ზრუნვის საკითხში”, — ამბობს ლელა ბაქრაძე.

მოსახლეობის კლების მთავარ მიზეზად ემიგრაციასა და სიღარიბეს ასახელებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილიც. მისივე თქმით, დამატებითი ფაქტორია ურბანიზაციაც.

“დაახლოებით 600 000 ადამიანი იბრძვის საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად, ცხადია, მათი მოტივაცია გამრავლებისთვის დაბალია. კიდევ ერთი მიზეზია კავშირში, ესაა ურბანიზაციის ზრდა, ურბანიზაციის ზრდის მაღალი ტემპი. როგორც წესი, შობადობა კორელაციაშია სოფლის სოფლური ცხოვრების წესთან, მაღალი შობადობა და სოფლური ცხოვრების წესი კავშირშია, დღეს თანამედროვე მსოფლიოში შეინიშნება ურბანიზაციის მაღალი დონე ანუ სოფლების დაცლა და ქალაქების ზრდა, მოსახლეობის ზრდა ქალაქებში. შესაბამისად ეს იწვევს შობადობის შემცირებასაც”, — აცხადებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

დემოგრაფიული მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად რადიკალურად განსხვავდება და, განსხვავდება თანმხლები გამოწვევებიც.

2022 წლის 15 ნოემბერს დედამიწის მოსახლეობამ რვა მილიარდს გადააჭარბა, თუმცა მიუხედავად ამისა, მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირება უკვე შესამჩნევია.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend