რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს დილიდან ხმაური იყო, ექიმები პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და მისგან კლინიკის მომავალთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ. მათი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის შესახებ ცნობამ, ბევრი კითხვა გააჩინა და ამ კითხვებზე პასუხი მათთვის ამ დრომდე არავის გაუცია.
მედიკოსების ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს კლინიკის მენეჯმენტის გადაყენება, რადგან მათი თქმით, დირექტორი გადაწყვეტილებებს თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით არ იღებს.
მღელვარების საფუძველი არ არის – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტს. მისი თქმით ბოლო დღეების განმავლობაში ამ თემაზე მიზანმიმართული ტყუილები ვრცელდებოდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადეს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მომდევნო კვირის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ პრეზენტაციას წარადგენენ და ექიმების კითხვებს უპასუხებენ.
ანანო ღუდუშაური