მთავარიგადაცემებიბაკურიანი 2023ბაკურიანის სამაშველო გუნდის ოთხფეხა წევრი

ბაკურიანის სამაშველო გუნდის ოთხფეხა წევრი

ბაკურიანში ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატმა წარმატებით ჩაიარა. გულშემატკივრმა კოხტასა და დიდველის ფერდობებზე ექსტრემალური სანახაობა იხილა. ბაკურიანში შეკრებილ გულშემატკივარზე, მსოფლიოს წამყვან სპორტსმენებთან ერთად, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამაშველო გუნდის ოთხფეხა წევრმა, თეთრამ.

„როცა ვინმე წაიქცევა და ან ჩვენ შევამჩნევთ ან თვითონ დაინახავს, მივდივართ და ისიც ჩვენთან ერთად მოდის ხოლმე. შეიძლება, რამე სასწაული ვერ მოახდინოს, მაგრამ რაც შეუძლია, იმას აკეთებს. ვინმე რომ ზვავში მოჰყვეს, ჩვენზე სწრაფად ნამდვილად იპოვის“, – ამბობს გიორგი.

თეთრა მაშველმა გიორგი გოგოლაძემ სამი წლის წინ მიიყვანა კოხტას ფერდობზე. თეთრას მთასთან და სამაშველო საქმიანობასთან შეჩვევა არ გასჭირვებია. მან თავისი გარეგნობით, სამაშველო ზედითა და სათვალეებით ყველას დაამახსოვრა თავი. ის სახიფათო შემთხვევების დროს მუდამ გუნდთან ერთადაა.

„მიტარბის ტრასაზე იყვნენ სასრიალოდ გადასულები, დიდ თოვლში, გაუკვალავში და ვეღარ გამოდიოდნენ. იმათ საშველად წავედით. შესაბამისად,  თეთრაც წამოგვყვა. მერე არეალში მეკარგებოდა ხოლმე. ვფიქრობ, რომ ჩვენ სადაც ვმოძრაობდით, იმ ტერიტორიიდან მოშორებით დადიოდა. თუ გადააწყდებოდა რამეს, მოვიდოდა და დაიყეფებდა, გაგვაგებინებდა ამბავს. ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი მონაწილე დაეცა, გონება დაკარგა. სანამ წამოვიყვანეთ, იქ მოვიდა, თითქოს უნდოდა, მოგვშველებოდა“, – ამბობს გიორგი.

გიორგისთვის, რომელიც ბაკურიანიდან არის,   მაშველობა ბევრს ნიშნავს. ის თავად სპორტსმენების ოჯახიდანაა. ბებია, ლიანა გოგოლაძე, მოთხილამურე იყო. თვითონაც ზათრის სპორტით იყო დაინტერესებული. ახლა კი მისი მთავარი მიზანია, ყველამ, ვინც ბაკურიანში ჩადის, მთაზე კომფორტულად და უსაფრთხოდ გაატაროს დრო.

„ეს სამსახური ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სიამოვნებას ვიღებ აქ ამოსვლით. დადებითი შეგრძნებაა, როცა ადამიანთან მიდიხარ და დახმარებას უწევ, ესე იგი რაღაც შეგიძლია. ეს, რა თქმა უნდა,  ყველასთვის სასიამოვნო მომენტია. მაქსიმალურად ვცდილობთ იმას, რომ აქ მოსულ ადამიანებს ის კომფორტი შევუქმნათ, რომლის საშუალება და შესაძლებლობაც გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ დაზარალებული არ გვყავდეს“, – ამბობს გიორგი.

გიორგის თქმით, ბაკურიანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო კურორტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

„ორი-სამი წელია, ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად ვემზადებოდით. გვინდოდა, აქ განსაკუთრებული რაღაც დაგვეხვედრებინა. ეს ბაკურიანში პირველად მოხდა“, – ამბობს გიორგი.

მაშველთა 6-კაციანი გუნდი მთაზე დილის 9-იდან საღამოს 6 საათამდეა მობილიზებული. ბაკურიანში შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით შაბათ-კვირას იმატებს, რადგან სასრიალოდ უქმეებზე გაცილებით მეტი ადამიანი ჩადის.  თეთრა და სამაშველო გუნდი მათ დასახმარებლად მუდამ მზად არიან.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend