ოპოზიციური პარტიების წარომადგენლების ნაწილი ბოიკოტის შეწყვეტას ფიქრობს. როგორც ისინი აცხადებენ, პარტიაში შესაძლოა, ბოიკოტის საკითხი გადაიხედოს. მათ მიაჩნიათ, რომ ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტზე პარლამენტში გაწეულმა წინააღმდეგობამ უფრო გამოიღო შედეგი, ვიდრე ბოიკოტმა, რადგან, მათი თქმით, ადამიანებამდე სწორედ პარლამენტიდან შეძლეს სათქმელის მიტანა.
ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილიც ეხმაურება. ისინი ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა იბრძოლონ ყველგან. პარლამენტი კი, მათი შეფასებით, პოლიტიკური ბრძოლის ველია, საიდანაც გადამწყვეტ მომენტში არავინ უნდა მიდიოდეს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმშია. მათივე შეფასებით, ოპოზიციას არ აინტერესებს არანაირი 12 რეკომენდაცია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლეთა თქმით, ოპოზიციისთვის მთავარი პოლარიზაციის შენარჩუნებაა.
კანონმდებლები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ სწორედ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით იქნება არასწორი ბოიკოტის გაგრძელება. საუბარია ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე, რომელიც საქართველომ იმისთვის უნდა შეასრულოს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ანა ალელიშვილი