მთავარისაქართველო2016 წლის შემდეგ პირველად საქართველოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი...

2016 წლის შემდეგ პირველად საქართველოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ეწვია

2016 წლის შემდეგ პირველად საქართველოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ასევე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ისაუბრა. მან საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მან ასევე მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, საქართველოში გაძლიერდეს მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით ვალდებულებები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საუბარი უკრაინის ომსა და მის გავლენას, ასევე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა და საერთაშორისო სამართლის სრული უპატივცემულობა თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. 2008 წელს რუსეთის აგრესია საქართველოში, ყოფს ოჯახებს და ართმევს ქართველებს საშუალებას, ეწვიონ საკუთარ წმინდა რელიგიურ ადგილებს ისევე, როგორც წინაპართა მიწებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ისევე, როგორც უკრაინელების შემთხვევაში, ქართველების სუვერენული უფლება არის თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. ამიტომაც ვმუშაობთ თქვენთან ერთად და მხარს ვუჭერთ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.”, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

საქართევლოში ჩამოსვლამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოლდოვაში იმყოფებოდა. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი საქართველოს გამოუყოფს დახმარებას 500 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით, რაც საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის ზრდას, ციფრული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროების გაძლიერებას უნდა მოხმარდეს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ეს დახმარება მიზნად ისახავს, რომ ქვეყანამ შეძლოს რუსული ჩარევის საფრთხისგან თავის დაცვა. სწორედ ამ მიზნისთვის ბრიტანეთი დაეხმარება მოლდოვასაც.

კერძოდ, საუბარია 10 მილიონი ფუნტის გამოყოფაზე, რომელიც მიმართული იქნება ეკონომიკური და კარგი მმართველობის გაძლიერებისკენ. სანამ ბრიტანეთის მაღალჩინოსნის ვიზიტი დაიწყებოდა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა გაზარდოს ძალისხმევა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ, რათა დაიცვას ქვეყნების დემოკრატიული არჩევანი.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend