მთავარისაქართველოდებატები ევროპარლამენტში: საქართველოში ხალხი ქუჩაში ევროპული ღირებულებებისთვის გავიდა, რაც შეუმჩნეველი არ უნდა...

დებატები ევროპარლამენტში: საქართველოში ხალხი ქუჩაში ევროპული ღირებულებებისთვის გავიდა, რაც შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს

ევროპარლამენტმა 14 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს 45 წუთიანი დებატები მიუძღვნა.

გასულ კვირას თბილისში გამართული მრავალათასიანი გამოსვლები ევროპარლამენტარებისთვის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იყო იმისა, რომ ხალხს ევროკავშირში გაწევრება სურს.

„გასულ დღეებში ათასობით ქართველმა ისარგებლა მშვიდობიანი შეკრების და პროტესტის უფლებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები გავიდნენ ქუჩებში. მათ ხელში ეჭირათ ევროპული დროშები, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ თავიანთი ერთგულება დემოკრატიისადმი, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისადმი. ამ დემონსტრაციების შემდეგ მმართველმა პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, გაიწვიოს კანონი და მომდევნო დღეს პარლამენტმა კენჭისყრაზე ეს კანონი ჩააგდო. ორივე კანონპროექტის გაწვევა არის პოზიტიური და გამამხნევებელი ნიშანი. ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. ევროპულმა პერსპექტივამ, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში მიენიჭა, ურთიერთობები უფრო ახლო კურსზე გადაიყვანა, ევროკავშირის გაფართოების ჩარჩოში, რაც დაფუძნებულია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რომელიც განმტკიცებულია ასოცირების შეთანხმებით“, – განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები მოვლენები განცალკევებულად არ უნდა იყოს განხილული.

„რუსეთი აწარმოებს ომს, აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ცდილობს მოლდოვის დესტაბილიზაციას და ცდილობს, შეიყვანოს საქართველო საკუთარი გავლენის სფეროში. მე მივესალმე პროტესტის მონაწილეთა მიერ გამოჩენილ სიმამაცეს. ევროპა თქვენს სიმამაცეს ხედავს და ზურგს არ გაქცევთ. სწორედ თქვენმა შემართებამ და სიმამაცემ შეაჩერა კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის დამტკიცების პროცესი. ამის მიუხედავად, არ უნდა ვიყოთ მიამიტები. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტში მიაჩნიათ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.

ევროპარლამენტარების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. აგენტების კანონპროექტი გაწვეულია, ხელისუფლების რიტორიკა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის.

„საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერის დონე ისეთი მაღალია, რომ ჩვენთვის ძალიან იოლი იყო ამ მისწრაფების მხარდაჭერა. ვერცერთმა სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო, სრულად უგულებელყო მხარდაჭერის ის დონე, რომელიც ქართველებმა გამოხატეს ევროპული მომავლისადმი. და ისინიც, ვისაც ძალაუფლება აქვთ, ყოველთვის გრძნობენ, რომ უნდა ისაუბრონ ამ მისწრაფებაზე, მაშინაც კი, როდესაც მათი ქმედებები სულ სხვა რამეზე მეტყველებდა. ჩვენ ვნახეთ პრობლემები კანონის უზენაესობაში, სასამართლო სისტემაში, მედიათავისუფლებაში, ასევე პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩემი აზრით, საქართველოს მმართველი პარტიის მცდელობა, მიეღოთ ეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი, იყო მხოლოდ ერთი მაგალითი პრობლემების იმ გრძელ ნუსხაში, რაც არსებობს კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოში“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის თქმით, საქართველოს მთავრობას ქვეყნის ევროპული გეზის საბოტაჟი სურს. თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლებას არ ეთანხმება ქართველი ხალხი.

„რუსულ ჭაობში დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. შეზღუდული თავისუფლებების და ავტოკრატიაში დაბრუნების გზა მოჭრილია. წინ მხოლოდ ერთი გზაა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიდის. ქართველი ხალხი მათი მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებულია, ყველა გავიდა ქუჩებში, რათა მათი ხმა გაიგონ თბილისში, ბრიუსელში და, განსაკუთრებით, მოსკოვში. საქართველოს კონსტიტუცია არის წმინდათაწმინდა და მისი 71-ე მუხლი მოითხოვს მთავრობისგან, უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში. როდესაც ძალაუფლების მქონეები ღალატობენ საკუთარ ხალხს, ეს ხალხი აჩვენებს ძალას. ახლა დროა, მიბაძოთ ქართველებს და იბრძოლოთ ევროპის მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მიუხედავად იმისა, თუ მათი მოქმედი მთავრობა ამის ღირსი არაა”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტის შტაბბინაში გამართულ დებატებზე, ევროპარლამენტარებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

„მათ იციან, რომ შესასრულებელი აქვთ 12 რეკომენდაცია, მაგრამ მე მოვუწოდებ, არ უგულვებელყონ მე-13 რეკომენდაცია და ამას უფრო მეტად დავარქმევდი დასავლური საზოგადოების მოთხოვნას, რომ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც მზადაა, სააკაშვილი მიიღოს და სათანადო მკურნალობა გაუწიოს. ეს უნდა მოხდეს რაც შეძლება მალე, რადგან დრო გადის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილს ნებისმიერი რამ შეიძლება მოუვიდეს“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

დებატები სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ შეაჯამა. მისი თქმით საქართველოში ხალხი ქუჩაში ევროპული ღირებულებებისთვის გავიდა, რაც შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.
ამასთანავე მისი თქმით, ახლა ჯერი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტზეა, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ საქართველო ევროკავშირში შეიყვანონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend