მთავარიკუბი"ევროპა ჩვენი არჩევანია" - ქართული საფეხბურთო კლუბების განცხადებები

“ევროპა ჩვენი არჩევანია” – ქართული საფეხბურთო კლუბების განცხადებები

პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონპროექტის განხილვების პარალელურად “დინამო თბილისმა” ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და რომ საფრთხედ მიიჩნევენ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გზას გადაუხვევს.

“დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას გადაუხვევს. როგორც ჩვენ ფეხბურთს, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას”, – წერია „დინამო თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე განცხადება გამოაქვეყნა საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ”.

“შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს. რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის.
რადგან მხოლოდ ევროპაა გზა – ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ. რადგან თავად საქართველოა ევროპა” – ვკითხულობთ პოსტში.

„ევროპა ჩვენი არჩევანია”, – ასეთი წარწერით პოსტერი გამოაქვეყნა ზესტაფონის საფეხბურთო კლუბმა.

ფეისბუკგვერდზე პოზიცია გამოხატა საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის დირექტორმა გიორგი ყიფიანმა. “თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს! სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება რომელსაც სახემწიფო განახორციელებს. იქნება ეს კანონის ცვლილება თუ კონკრეტული რეფორმა. – არ აქვს მნიშვნელობა… არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!”, – წერს ყიფიანი.

და ასევე ფეისბუკზე კომენტარი გააკეთა ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ, რომელმაც პოსტი დაახლოებით 18 საათის წინ დაიდო და ფეისბუკზე 23 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად იყენებენ ჰეშთეგს #არარუსულკანონს, რომელიც უკვე 5 ათასზე მეტ პოსტში გამოიყენეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend