მთავარიევროპაიტალიამუსიკალური თერაპია

მუსიკალური თერაპია

იტალიის სამხრეთში, ბარის მთავარ საავადმყოფოში, ახალგაზრდა ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი საშუალება მუსიკაა. ანესთეზიასა თუ ქიმიოთერაპიას ყოველთვის თან ახლდა ნერვიულობა, შფოთვა და წინააღმდეგობა. თუმცა ახლა ფილიპოს დამსახურებით განსხვავებული გარემო და განწყობაა.

პატარებმა იციან, რომ ფილიპოსთან ითამაშებენ. მათი ყურადღება ინსტრუმენტებსა და იმ ფერებზეა გადატანილი, რომლებიც მათ მოსწონთ. ონკოჰემატოლოგ პაოლა მუგეოს თქმით, ბავშვებს ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ.

თერაპევტი არა მხოლოდ მუსიკის ექსპერტია, არამედ ის ექიმების, ექთნების, ანესთეზიოლოგებისა და ფსიქოლოგების გუნდის განუყოფელი ნაწილია.

თერაპევტ ფილიპო ჯორდანოს მიაჩნია, რომ  ასეთ დროს საჭიროა, ადამიანს ჰქონდეს არა მხოლოდ  ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, არამედ უნდა შეეძლოს ისეთ დაავადებებთან გამკლავებაც, რომლებსაც დიდი გავლენას აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იგი დასძენს, რომ გუნდური მუშაობის უნარებიც აუცილებელია.

ბარის ამ საავადმყოფოში პატარა პაციენტებისთვის  დამხმარე ინსტრუმენტად  მუსიკალურ თერაპიას იყენებენ,  რომელიც არა მხოლოდ გასართობი საშუალებაა, არამედ იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც სამედიცინო პროცედურებს უფრო მოსახერხებელსა და ეფექტიანს ხდის.

მკურნალობის ეს მეთოდი ბარის საავადმყოფოში დაიწყო და შემდეგ 32 ცენტრში გავრცელდა. 10-წლიანი გამოცდილების შედეგები და პუბლიკაცია  ერთ-ერთ პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალშიც დაიბეჭდა.

ონკოჰემატოლოგი პაოლა მუგეო ამბობს, რომ მკურნალობის ჩატარების გარდა, მათი ფუნქციაა, სირთულეების მიუხედავად,  გარკვეული სიტუაციები და რეალობა უფრო მისაღები გახადონ.

პაციენტების მართვა ნიშნავს მათზე ზრუნვას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, როგორებიცაა, მაგალითად, შინაური ცხოველებით თერაპია, სპორტი, სხვადასხვა აქტივობა თუ მშობლების მხარდაჭერა.

პედიატრიული ონკოჰემატოლოგიის განყოფილების მთავარი ექიმი, ნიკოლა სანტორო აღნიშნავს, რომ პაციენტებსა და მათ ნათესავებზე ზრუნვა გულისხმობს ტრადიციული მკურნალობის იმ მეთოდების ეფექტურობის გაუმჯობესებას, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნდამენტურია. თითოეული ეს ფაქტორი საშუალებას აძლევს მათ, მიაღწიონ იმ პოზიტიურ შედეგებს, რომლებიც ბოლო დროს პედიატრიულ ონკოჰემატოლოგიას აქვს.

უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც  პაციენტების სრული განკურნების შემთხვევები 20%-იდან 80%-ამდე გაიზარდა. ეს კი მუსიკის დამსახურებაც უნდა იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend