რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ მათ დონბასში მდებარე ქალაქი ბახმუტი ალყაში მოაქციეს. უკრაინელი ჯარისკაცები კი აცხადებენ, რომ ქალაქისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.
„რუსებს შეტევითი რესურსი ეწურებათ. მათი ერთადერთი იმედი ის არის, რომ ჩვენ ბახმუტისთვის ბრძოლას შევეშვათ. მათ სურდათ, ბახმუტის დიდი დანაკარგების გარეშე აღება, მაგრამ „ვაგნერის“ დაჯგუფებასა და რუსულ არმიას კატასტროფული მასშტაბის მსხვერპლი ჰყავს“, – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი კურტი.
ბახმუტისთვის ბრძოლა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
რუსული რეგულარული არმიისა და ვაგნერის ჯარისკაცები დიდი მსხვერპლის ფასად ნელა მიიწევენ წინ.
ადგილობრივი მოსახლეობა კი გაუსაძლის პირობებზე საუბრობს.
„საკვები არ გვაქვს, ჰუმანიტარული დახმარება თვეში მხოლოდ ერთხელ გვეძლევა, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი არ გვაქვს“, – ამბობს ბახმუტის მკვიდრი ნატალია იშკოვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბახმუტში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ მოსახლეობის ევაკუაცია აუცილებელია.