მთავარიმსოფლიოკავკასიამთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება

13 ხმით 2-ის წინააღმდეგ, გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ  აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფანში ორმხრივი მიმოსვლის აღდგენის  უზრუნველყოფა დაავალდებულა.

სასამართლო ბაქოს მოუწოდებს, რომ პატივი სცეს საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრ ვალდებულებებს და გამორიცხოს რასობრივი დისკრიმინაცია.

უკვე რამდენიმე კვირაა სომხეთი გაეროს სასამართლოში დავობს, ლაჩინის დერეფანში ჰუმანიტარული კრიზისის ხელოვნურად შექმნის გამო.

სასამართლომ ერევნის პოზიცია გაიზიარა, თუმცა  სრულად არა. არგუმენტების ნაწილი სომხეთის წარმომადგენლებმა მტკიცებულებებით ვერ გაამყარეს.

გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის  თავმჯდომარე,  ჯოან დონოგიუ აცხადებს:  „სომხეთი ასევე ითხოვდა, რომ აზერბაიჯანს  დაუყოვნებლივ აღედგინა მთიანი ყარაბაღისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება და თავი შეეკავებინა რეგიონში სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეფერხებისგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სომხეთს არ წარუდგენია საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ აზერბაიჯანი აფერხებს მთიანი ყარაბაღის  მცხოვრებთა ბუნებრივი აირით   და სხვა კომუნალური მომსახურებებით უზრუნველყოფას. შესაბამისად ზომებსაც ვერ მივიღებთ”.

უკვე რამდენიმე კვირაა ლაჩინის დერეფანში, რომელიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, გადაადგილება  შეზღუდულია, რადგან იქ საპროტესტო აქციებს მართავენ  ჯგუფები, რომლებიც  თავს წარადგენენ აზერბაიჯანელ ეკოაქტივისტებად.  ისინი ამბობენ, რომ  ამ დერეფნით   ერევანს მთიანი ყარაბაღიდან სასარგებლო წიაღისეული გააქვს და მათი პროტესტის საბაბიც სწორედ ეს არის. ერევანში მიაჩნიათ, რომ ეკოაქტივისტთა ჯგუფები რეალურად აზერბაიჯანის მთავრობიდან იმართება და რომ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისია.

გაეროს გადაწყვეტილების შესაბამისად ბაქოს მოუწევს, რომ ლაჩინის დერეფანში  ეს კრიზისი განმუხტოს. ეს კი იმ ფონზე, როცა თითქოს გამოჩნდა  მრავალწლიანი მოუშუშებელი კონფლიქტის გადაწყვეტის გზა გამოჩნდა. წინა კვირას, მიუნხენში პირველად იყო  პლატფორმა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი რეგიონში უსაფრთხოების ზომებზე სამსჯელოდ ერთ საჯარო სადისკუსიო სივრცეში დასხდნენ. მათთან ერთად იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. თბილისი ამ კონფლიქტში შუამავლის როლის შეთავსებას ცდილობს. საქართველოს დახმარებით მხარეებს შორის რამდენიმე საკითხი უკვე გადაწყდა კიდეც, თუმცა პოლიტიკისა და უსაფრთხოების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს, როგორც მედიატორის როლი ამ კონფლიქტში ვერ იქნება  მნიშვნელოვანი, თუ ის თბილისი პირდაპირ ევროკავშირის პოლიტიკის გამტარებელი არ იქნება.

“საქართველოს უნივერსიტეტის”  პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი ამბობს:  “საქართველოს უნდა ესმოდეს ზოგადად, რომ მისი ღირებულება  რეგიონში არის ევროპული და  დასავლური პოლიტიკის   მთავარი პლაცდარმის ფუნქცია. თუ საქართველომ ეს პოზიცია დაკარგა, ის ავტომატურად კარგავს მთავარი შუამავლის როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ აქტიურად უნდა ვატარებდეთ. ანუ, ერთის მხრივ პრაქტიულად  უნდა ვმუშაობდეთ ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლად და ევროკავშირისა და ნატოს გაცილებით დიდი დოზით შემოსაყვანად რეგიონში.

მეორე მხრივ, ბუნებრივია ეს გაცილებით მეტ საფუძველს გვაძლევს, გაცილებით მეტ რესურსსა და პოტენციალს გვაძლევს, რომ ჩვენი როლი გავზარდოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლობის გატარებაში.

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს:  “ელემენტარული თვითგადარჩენის ინსტინქტი უნდა უბიძგებდეს საქართველოს, რომ იყოს რაც შეიძლება აქტიური ამ როლში, რათა არ დარჩეს იმ უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები მიღმა, რომელსაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის საბოლოო მოგვარება  გახსნის. სხვაგვარად, საქართველო თუ კადრს მიღმა დარჩა ეს საქართველოს საბოლოოდ ჩატოვებს რუსული გავლენის სფეროში“.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი ამ კონფლიქტს უკვე აღარ მართავს და ამაზე მიუთითებს ის საჯარო განცხადებებიც, რაც ბოლო დროს ერევანსა და ბაქოში კეთდება. ფაშინიანმა ლაჩინის დერეფანში რუსეთის მიერ სამშვიდობო მისიის შეუსრულებლობის გამო უარი თქვა წელს მის ტერიტორიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების საერთო წვრთნის გამართვაზე.

ამ კონფლიქტმა ამ ალიანსის არაეფექტიანობა უკვე რამდენჯერმე გამოაჩინა. გარდა ამისა, ‘მიუნხენში ალიევმა განაცხადა, რომ სეპარატისტი ლიდერი  ყარაბაღში რუსეთიდან არის გაგზავნილი და ის არ არის ადგილობრივი სომეხი.

დაპირისპირებული ლიდერების განცხადებების მიუხედავად, რეგიონში კვლავ რჩება ათასობით რუსი სამხედრო სამშვიდობოების სტატუსით.

სამხედროები, რომლებიც ზავის შედეგად რეგიონში ჩავიდნენ, რამაც მშვიდობა ვერ მოიტანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend