მთავარიდღის ამბებიორი კანონპროექტის ერთი იდეა და პოლიტიკური განხილვები

ორი კანონპროექტის ერთი იდეა და პოლიტიკური განხილვები

"ხალხის ძალის" ორი კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", პოლიტიკური დისკუსიის საგანია

მმართველი პარტიის გაბედული ფრთის „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“, რომლითაც აგენტების ტიტული უნდა ჩამოურიგდეთ ყველას, ვინც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებაში იღებს მონაწილეობას, პოლიტიკური შეფასებები არ ცხრება.

კანონპროექტის ავტორები, როგორც თავად ამბობენ, შეაწუხათ დისკუსიამ, სადაც ადამიანები, რომლებსაც კანონით „აგენტი“ უნდა ეწოდოთ, სიხარულით არ ხვდებიან ამ იდეას.

“ჩვენს კანონს ყველა პირდაპირ არქმევს, რომ არის რუსული, რუსული, რუსული. ყურში საზოგადოებას უნდა ხვდებოდეს, რომ ეს არის რუსული კანონი. როგორ შეიძლება დემოკრატიაზე, გამჭვირვალობაზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე არ ვსაუბრობდეთ ხომ?! პარლამენტის წევრს, რომელსაც კანონის ინიცირების უფლებას არ გაძლევენ და ამხელაა ზეწოლაა ჩვენზე. ვერ ვხედავ ვერც ერთ არასამთავრობოს, რომელიც ჩვენს დაცვას ცდილობდეს.  ფუნდამენტური უფლებაა, რომ მოქალაქემ იცოდეს ესა თუ ის ორგანიზაცია რით საქმიანობს. არ აქვს უფლება იცოდეს?! ამაზე რამხელა ამბავია ატეხილი“,- აცხადებს კანონპროექტის თანაავტორი მიხეილ ყაველაშვილი.

კრიტიკული განცხადებების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეშფოთებების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ კანონის მიღების უპირობო აუცილებლობას ხედავენ. თან უკვე არჩევანი ორ ვერსიას შორის უნდა გააკეთონ, სამოქალაქო სექტორის შეფასებით ცუდის და უფრო ცუდის. გამოთქმულ კრიტიკას კი უსაფუძვლო აჟიოტაჟად მიიჩნევენ.

„ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ ადამიანები, ისე, რომ კანონპროექტს არც გაცნობიან, სტიგმატიზებას ახდენდნენ ამ პროექტის და იმ ადამიანების ვინც დააინიცირა. ოპონენტები ყურადღებას ვერ აქცევენ იმას, რომ სწორედ თავად არიან, ვინც დემოკრატიული დისკუსიის სტიგმატიზებას ახდენენ. ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ რუსულად ნათლავენ და ამით ყოველგვარ დემოკრატიულ დისკუსიას კეტავენ.  ვხედავთ, რომ დისკუსიაა იმის თაობაზე, სადაური სისტემა არის ან არ არის და რომელ გამოცდილებას ეყრდნობა. საზოგადოება გაერკვა, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც უსაფრთხოების რისკებიდან და გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ სფეროს აწესრიგებენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი პარტიის ორი განშტოების ერთი იდეის შესახებ, მწვავე კრიტიკას გამოთქვამენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათი აზრით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რეპრესიულია და ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებს.

“1991-92 წლების ის საშინელი კონფლიქტი მოიტანა სწორედ ასეთი იარლიყების მიწებებამ. საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება ახლა უფრო ყოჩაღები ვართ და არ ავყვებით უპასუხისმგებლო, ქვეყნის და საზოგადოების დამანგრეველი განცხადებებით გამორჩეულ პოლიტიკოსებს. ამათ რომ ავყვეთ, აქ უბედურება დატრიალდება, რადგან უპასუხისმგებლობის მწვერვალია ასე ლაპარაკი და აგენტომანიის ბაცილის გაღვივება, რამაც წინა საუკუნის 30- იან წლებში და 90 – იანი წლების დასაწყისში უბედურება მოიტანა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ამათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არაფერი წმინდა არ გააჩნია”, – განაცხადა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ სავარაუდოდ მხარს კანონპროექტის პირველ ვერსიას ემხრობიან. მათი თქმით, ის ქართულ რეალობასაა მორგებული და ამერიკულივით საშიშად არ გამოიყურება. ამ კანონპროექტმა, საბოლოო მიღებამდე საკომიტეტო მოსმენები, შემდეგ სამი პლენარული სხდომა უნდა გაიაროს და დეპუტატების მაქსიმალური მხარდაჭერა დაიმსახუროს.

ალეკო გვეტაძე


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend